ფეხბურთი

2:47 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" და "მილანმა" სერია A დამაჯერებლად განაახლეს

იტალიის სერია A-ში XXVII ტური სამი მატჩით დაიწყო. მოქმედი ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი „იუვენტუსი“ ბოლონიაში ჩავიდა, სადაც აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა.

ტურინელებმა სეზონი ძალზე წარუმატებლად განაახლეს, ორი უგოლო მატჩი ჩაატარეს და იტალიის თასის ფინალშიც მარცხი იწვნიეს. შესაბამისად, მაურიციო სარის გუნდს სერია A-შიც წარუმატებლად რომ დაეწყო, კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

არ ვიცი, აქვთ თუ არა „იუვეს“ ტიფოზებს მშვიდად ყოფნის საშუალება იმის ფონზე, რაც ამ გუნდმა „რენატო დალ არაზე“ აჩვენა, მაგრამ მოიგო და როგორც ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. პირველივე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ პენალტით, პაულო დიბალამ კი ფანტასტიკური გოლით ყველაფერი გადაწყვიტეს და ნაანტრაქტევს ანგარიში აღარც შეცვლილა.

„იუვენტუსმა“ 66 ქულას მოუყარა თავი და „ლაციოს“ უკვე 4 ქულით გაასწრო, რომაელებს კი ამ ტურში მეტად რთული დუელი ელით ბერგამოში, „ატალანტასთან“.

რესტარტი ჩინებული გამოუვიდა „მილანს“, რომელიც გასავარდნ ზონაში მყოფ „ლეჩეს“ ეწვია და ლამაზი ფეხბურთით მოიგო. ალბათ „როსონერისთვის“ ეს სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოდგა და შედეგიც სახეზეა - 4:1. სტეფანო პიოლის გუნდი მეშვიდე ადგილზე აღზევდა, მაგრამ წელს მაქსიმუმი ევროპა ლიგის საგზური თუ იქნება, რადგან ოთხეულამდე მთელი 12 ქულაა...

ფლორენციაში, „ფიორენტინამ“ „ბრეშას“ ვერ მოუგო, ფრე - 1:1. ძნელი სათქმელია ეს ქულა ლომბარდიელებს რაში წაადგებათ, რადგან ბოლო პოზიციაზე ისევ მყარად არიან დამკვიდრებულნი. „იებს“ კი უკვე შეიძლება ითქვას, რომ სეზონი ჩაუვარდათ.

„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:2)

ბოლონია, „რენატო დალ არა“

უმაყურებლოდ

„ბოლონია“ (4-2-3-1): სკორუპსკი; ტომიასუ, დანილო, დენსვილი, დიკსი; სვანბერგი (პალასიო 57), მედელი (პოლი 82); ორსოლინი (მუსა 82), სორიანო (დომინგესი 75), სანსონე (კანჯანო 82); ბაროუ

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დე შილიო (დანილო 66); ბენტანკური, პიანიჩი (რემზი 70), რაბიო (მატუიდი 70); ბერნარდესკი, დიბალა (დუგლას კოშტა 79), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რონალდუ (23, პენ) 0:2 დიბალა (36)

გაფრთხილება: სორიანი (35) - დე შილიო (66), ბენტანკური (69), დანილო (82, 90)

გაძევება: დანილო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 12 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

„ფიორენტინა“ – „ბრეშა“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 დონარუმა (17, პენ), 1:1 პეცელა (29)

„ლეჩე“ – „მილანი“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 კასტილიეხო (26), 1:1 მანკოსუ (54, პენ), 1:2 ბონავენტურა (55), 1:3 რებიჩი (57), 1:4 ლეაო (72)

თეგებისერია A
0.124642