ფეხბურთი

0:35 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

წარმოუდგენელი ანგარიში 10:1 - კორონავირუსის გავლენა რუსეთის ჩემპიონატზე

„სოჭი“ – „როსტოვი“ 10:1, ნამდვილად ასე დასრულდა. ეს არ ყოფილა ამხანაგური მატჩი, ეს რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაა, რომელიც დღეს გაიმართა.

საქმე ისაა, რომ „როსტოვში“ კორონავირუსის 6 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული და მთელი გუნდი კარანტინშია. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით კი, მატჩი მაინც ჩატარდა.

„როსტოვს“ თამაშის გადადება სურდა, სავარაუდო აღდგენის თარიღად 19 ივლისიც დასახელდა, მაგრამ „სოჭმა“ უარი თქვა. ამიტომ, სტუმრებს ტექნიკური წაგება რომ არ ჩათვლოდათ, თამაში გადაწყვიტეს და მოედანზე მთლიანად ახალგაზრდული გუნდი გაიყვანეს.

შედეგიც სახეზეა - 1:10. სხვათა შორის, ანგარიში „როსტოვმა“ გახსნა, თანაც პირველივე წუთზე, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, კარგად ჩანს. ცნობისთვის, „როსტოვში“ შეტევაში თამაზ თოფურიამ, ხოლო დაცვაში უილიამ როგავამ ითამაშა, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. „როსტოვი“ 23 ტურში მოპოვებული 38 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „სოჭი“ მეცხრეა (27 ქულა).

აქვე გეტყვით, რომ შაბათს ხვიჩა კვარაცხელიას და ზურკო დავითაშვილის „რუბინი“ „ურალს“ ესტუმრება, ხოლო კვირას სოლომონ კვირკველიას „ლოკომოტივი“ „ორენბურგს“, ჯიმი ტაბიძის „უფა“ კი „ტამბოვს“ უმასპინძლებს.

0.116207