კალათბურთი

18:17 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ და მომავალშიც დავამტკიცებთ" - შენგელიას ინტერვიუ ფიბას ვებგვერდთან

ფიბას ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ნაკრებისა და „ბასკონიას“ კაპიტან თორნიკე შენგელიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თორნიკე შენგელიას ახსოვს თავისი ახალგაზრდობის დღეები საქართველოში. ის კალათბურთს თამაშობდა და ყველა წუთი უყვარდა. ერთ მშვენიერ დღეს წარმოიდგინა, რომ თავად უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში და მატჩების დაწყებამდე ეროვნული ჰიმნი ემღერა.

„ბავშვობიდან, როდესაც ეროვნულ ჰიმნს ვუსმენდი ჟრუანტელი მივლიდა და ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ოცნება, რომ იქ ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. ახლა კი, როდესაც იქ ვარ, ოცნება ახდა, ეს არის სიტყვები, რომელსაც ვერ აღწერ“, - ამბობს თორნიკე.

შენგელია თითქმის ერთი ათეული წელია საქართველოს ნაკრების სამყვანი მოთამაშეა. მან ითამაშა ევრობასკეტის სამ ტურნირზე და ასევე თამაშობდა მსოფლიო თასის საკვალფიკაციო მატჩებში.

საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება არასდროს მობეზრდება. როდესაც შენგელიამ გაიგო, რომ საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი იქნებოდა, ადრენალინი კიდევ უფრო გამძაფრდა.

„პირველი გრძნობა, რომელიც დაგვეუფლა, აღფრთოვანება იყო, პირადად ჩემთვის კი წარმოუდგენელი გრძნობა გახლდათ. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა, არამხოლოდ ჩემთვის და მოთამაშეებისთვის, არამედ ყველასთვის“, - თქვა შენგელიამ.

ევრობასკეტის მასპინძლობა კარგია ეროვნული ნაკრებისთვის. როდესაც თამაშები დაიწყება, ფანები უყურებენ არენიდან ან ტელევიზორებიდან. მოთამაშეები გრძნობენ სიამაყეს, როდესაც პარკეტზე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დგანან და ახალი თაობა იბადება.

„ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვიდნენ და უყურონ მაღალი დონის შეჯიბრებას და დაიწყონ კალათბურთის თამაში“, - აგრძელებს ქართველი კალათბურთელი.

ბოლო ოთხ ევრობასკეტში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანი იყო საქართველოში სპორტის საერთო განვითარებისთვის. მათი სადებიუტო ტურნირი 2011 წელს ჩატარდა, როდესაც ევრობასკეტი 16-დან 24 გუნდამდე გაფართოვდა.

„კალათბურთში ყოველთვის იყო ვნება - ამბობს თორნიკე, მაგრამ ევრობასკეტზე პირველად კვალიფიცირების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალათბურთი საქართველოში პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი სპორტი გახდა. სტატისტიკურად ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო კალათბურთის თამაში“.

შენგელია ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერაფერი შეედრება:

„ნამდვილად, ჩემი საუკეთესო მოგონებაა, როდესაც პირველად მივიღე ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. ძალიან აღელვებული ვიყავი და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე. გუნდისგან შთაგონებული ვიყავი და მინდოდა გავმხდარიყავი მისი ნაწილი, რომ ბოლომდე გვებრძოლა, ეს არის ის, რაც მახსოვს. ბევრი ფანტასტიკური მოთამაშე გვყავდა, როგორებიცაა ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მე შთაგონებული არ ვყოფილვარ ერთი კონკრეტული მოთამაშით, არამედ მთელი გუნდით, თუ როგორ თამაშობდნენ ისინი გუნდისთვის“.

შენგელიამ ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშა, 2013 წლის ტურნირი გაუცდა, ხოლო 2015 და 2017 წლებში ნაკრების ლიდერი იყო. სიღრმისეული შემადგენლობის დეფიციტმა საქართველოს ნაკრები ოთხივე ევრობასკეტზე შეაფერხა.

„ეს ერთ-ერთი ისეთი ტურნირია, სადაც ძალიან მოკლე დროში ბევრი თამაშის ჩატარება გიწევს. ამიტომ გჭირდება გრძელი სათადარიგო სკამი. ჩვენ კი, მხოლოდ 7-8 მოთამაშის გამოყენება შეგვეძლო, მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა ბიჭები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი სხეული შეეწირათ და კონკურენცია გაეზარდათ უფრო მაღალ დონეზე, მაგრამ შანსი არ მიუღიათ. ტურნირი უფრო და უფრო მკაცრი ხდება, როდესაც ყოველ მეორე დღეს ამდენ წუთს თამაშობ. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ, მაგრამ ასევე ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ბოლოს ლიტვის ნაკრები და შემდეგ ისრაელი მათი გულშემატკივრების წინაშე დავამარცხეთ“.

ლიტვის ნაკრებში საუკეთესო თამაში იონას მაჩულისმა 2015 წელს, საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩაატარა, როდესაც საქართველოს მეოთხედფინალის საგზური წაართვა. მაჩულისმა 34 ქულა დააგროვა და მისმა გუნდმა საქართველო მერვედფინალში 85:81 დაამარცხა.

2017 წელს, იტალიამ საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის სასიცოცხლო მატჩში 71:69 აჯობა, რამაც ქართველებს პლეი-ოფში გასვლაში ხელი შეუშალა.

„თუ შევადარებთ იტალიის ნაკრებს ჩვენს გუნდს, ვიტყვი, რომ ფუფუნება აქვთ, რადგან ჩვენზე გრძელი სკამი გააჩნიათ“, - ამბობს შენგელია.

ასეც რომ იყოს, საქართველოს ნაკრებმა თავისი პერფორმანსებით დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის ძლევა შეუძლია.

„თუ ჩვენ საუკეთესო ფორმაში და ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით, მჯერა, რომ კონკურენციას ნებისმიერ მეტოქეს გავუწევთ. არ მინდა მიკერძოებულად ჟღერდეს, მაგრამ ეს ჩემი გრძნობაა. ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედია მომავალშიც კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ“, - ესეც თორნიკეს სიტყვებია.

შემდეგი ევრობასკეტი იქნება პირველი, სადაც საქართველოს საშინაო კედლების უპირატესობა ექნება:

„ყოველთვის განსაკუთრებულია ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაში. თუ ისტორიას გადავხედავთ, ყოველთვის იპოვით განსხვავებას, როდესაც სახლში ვთამაშობთ და როდესაც სტუმრად, ამიტომ სახლის ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ“.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ოთხ ევრობასკეტზე საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, შემდეგი ვერსია შეიძლება საუკეთესო იყოს:

„ვფიქრობ, რომ გუნდის ბირთვი, რომელიც ბოლო ათ წელიწადში გვაყვდა, ეს იყო საქართველის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ათწლეული, მაგრამ მჯერა, რომ ბევრი შესანიშნავი ახალგაზრდა მოთამაშე და კარგი ახალგაზრდა თაობა გვყავს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს დიდი პერსპექტივით უერთდებიან. დრო სჭირდებათ, მატჩების ჩატარება, მაგრამ მომავალში ყველაფერი შესაძლებელია“, - დასძინა თორნიკემ.

0.121256