მადრიდის „რეალი“ სეზონის რესტარტს მართლაც მშვენიერ ფორმაში შეხვდა და „ეიბარის“ შემდეგ „ვალდებებასის“ ბაზაზა „ვალენსია“ კიდევ უფრო მარტივად დაამარცხა. თუმცა, ზინედინ ზიდანის გუნდს ჯერჯერობით გოლების გატანა მხოლოდ ერთ ტაიმში გამოსდის.
„ეიბართან“ „სამეფო კლუბმა“ სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, ამჯერად უკვე შესვენების შემდეგ.
საერთოდ, „ვალენსიამ“ პირველი 45 წუთი კარგად ჩაატარა და გოლიც გაიტანა, რომელიც როდრიგოს არ ჩაუთვალეს. აი, ნაანტრაქტევს მადრიდელთა უპირატესობა აშკარა იყო.
ედენ აზარმა მორიგი საგოლე პასი გააკეთა და კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა. ფრანგისთვის ეს 242-ე გოლი იყო მადრიდულ გრანდში და ფერენც პუშკაშს გაუტოლდა. მალევე დიდი დაბრუნება შედგა. ზინედინ ზიდანმა მოედანზე მარკო ასენსიო შეუშვა, რომელსაც ლა ლიგაში ზუსტად 13 თვე არ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ 31 წამში ბურთთან პირველივე შეხებით გოლი გაიტანა და ეს ყველაზე სწრაფი გოლია შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის 2005-2006 წლების სეზონიდან მოყოლებული. ლა ლიგაში ასენსიომ გოლი 2018 წლის სექტემბრის შემდეგ გაიტანა...
მატჩის მიწურულს ბენზემამ შედევრი შექმნა, დუბლი გაიფორმა და „სამეფო კლუბის“ ყველა დროის გოლეადორთა დავაში 243 გოლით მეხუთე ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა.
„რეალს“ ამ გამარჯვების შემდეგ 62 ქულა გაუხდა და „ბარსელონასთან“ 2-ქულიანი დისტანცია შეინარჩუნა.
„რეალი“ – „ვალენსია“ 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 ბენზემა (61), 2:0 ასენსიო (74), 3:0 ბენზემა (87)