ფეხბურთი

23:43 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დატვირთული შემოდგომა - საქართველოს ნაკრების განახლებული კალენდარი

უეფას აღმასკომის სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსს 8 ოქტომბერს შეხვდება. თუმცა, ამასთან „ჯვაროსნებს“ ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მატჩებიც ელოდება.

შედეგად, მიმდინარე წლის შემოდგომა ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება - ორი მატჩი სექტემბერში, სამი თამაში ოქტომბერში, ხოლო ნოემბერში ორი ან სამი შეხვედრა. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული გავალთ თუ არა ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:

5 სექტემბერი: ესტონეთი - საქართველო

8 სექტემბერი: საქართველო - ჩრდ. მაკედონია

8 ოქტომბერი: საქართველო - ბელარუსი (ევრო 2020-ის პლეი-ოფი, 1/2 ფინალი)

11 ოქტომბერი: სომხეთი - საქართველო

14 ოქტომბერი: ჩრდ. მაკედონია - საქართველო

15 ნოემბერი: საქართველო - სომხეთი

18 ნოემბერი: საქართველო - ესტონეთი

ამ კალენდარს ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში 12 ნოემბერიც დაემატება და საქართველო ან ჩრდ. მაკედონიას შეხვდება, ან კოსოვოს.

დღესვე, უეფას აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

„მოგეხსენებათ, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებთან ერთად მარტში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებიც გადაიდო. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებს 8 მატჩის გამართვა მოუწევს. როგორც დაგეგმილი იყო, ეროვნული ნაკრები ასპარეზობას 5 სექტემბერს ესტონეთთან გასვლითი მატჩით განაახლებს.

რაც შეეხება 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, დღევანდელი მონაცემებით ეს მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება. ამ მატჩის გარდა ოქტომბერში ჩვენი ეროვნული ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს, სტუმრად სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ვიასპარეზებთ. ფინალური შეხვედრა 12 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. ამის გარდა კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგის დასკვნით საშინაო მატჩებს გამართავს. რაც შეეხება მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია უეფას რეკომენდაციებსა და ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართული ამ პროცესში და ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას.

იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად ქართველი გულშემატკივარი უკვე სექტემბერში შეძლებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრებას“, - თქვა მუჯირმა.

0.113999