ესპანეთის ლიგა ენდესა კორონავირუსის პაუზის შემდეგ განახლდა. ახალი ფორმატით, ქალაქ ვალენსიაში.
12 გუნდი ორ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა და ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას. დღეს ტურნირი A ჯგუფში დაიწყო, სადაც გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ ქართველის ყოფილ გუნდ „უნიკახას“ გაეჯიბრა და 70:83 დამარცხდა.
მალაგელები მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებაც დამსახურებულად, დამაჯერებლად მოიპოვეს.
შერმადინმა პარკეტზე 18:46 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ უჩვეულოდ ცუდად ითამაშა შეტევაში, სადაც 9-დან მხოლოდ 2 ორქულიანი (22%) ჩააგდო, ამას 6-დან 6 საჯარიმოც დაუმატა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.
„იბეროსტარ ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 19 ივნისს, თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ გამართავს.