ფეხბურთი

15:56 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდელი ტალანტი, რომელმაც "ბაიერნის" ჩემპიონობა გააფორმა

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოხვედრა და დაუყოვნებლივ ზემოქმედება რთულია. ახალგაზრდა მოთამაშისთვის, რომელმაც სადებიუტო მატჩში მხოლოდ 4 წუთი ითამაშა, კიდევ უფრო ძნელია. მაგრამ არა ჯოშუა ზირკზეესთვის.

„ბაიერნი“ გუშინ ოფიციალურად გახდა გერმანიის ჩემპიონია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მერვე „ვერცხლის სინის“ მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2019 წლის ბოლო ორ მატჩში ზირკზეემ „ბაიერნს“ გამარჯვება ბოლო წუთზე მოუტანა და ის 4 ქულა რომ არა, ამ ეტაპზე „რეკორდმაისტერი“ გერმანიის ჩემპიონი ნამდვილად ვერ იქნებოდა.

ზამთრის პაუზამდე ბოლოსწინა ტურში „ფრაიბურგთან“ ანგარიში 1:1 იყო. ჰანსი ფლიკმა 90-ე წუთზე მოედანზე უცნობი ნიდერლანდელი თავდამსხმელი შეუშვა და ბრაზილიელი ფელიპე კოუტინიო შეცვალა, რომელსაც სამი დღით ადრე „ვერდერთან“ ჰეთ-თრიქი ჰქონდა შესრულებული.

„არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს! 1:1-ია და დამატებულ წუთებზე ახალგაზრდა ფეხბურთელს უშვებ მოედანზე“ - დაიყვირა „ბაიერნის“ გაბრაზებულმა გულშემატკივარმა.

ზუსტად 104 წამის შემდეგ, ბურთთან პირველი შეხებით რისხვა სიხარულში გადაიზარდა. ჯოშუა ბუნდესლიგაში ბურთს პირველად სერჟ გნაბრის პასით შეეხო და გოლი გაიტანა! მალევე გნაბრიმ თავადაც გაიტანა მესამე გოლი „ფრაის“ კარში, მაგრამ ყველას პირზე ერთი სახელი ეკერა და იმ მატჩსაც ის ერთი გმირი ჰყავდა.

გავიდა სამი დღე და შაბათს, ბუნდესლიგაში „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა, პირველი წრის ბოლო ტურში. „რეკორდმაისტერი“ დიდხანს ცდილობდა სტუმართა დაცვის დაშლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ამიტომ ფლიკი ისევ დაეყრდნო ზირკზეეს, ამჯერად მას „მთელი“ 7 წუთი დაუთმო, მაგრამ მატჩზე გადამწყვეტი გავლენის მოსახდენად მხოლოდ 2 წუთი დასჭირდა.

კიდევ ერთხელ იმ დროს 18 წლის (მაისში 19 წლის გახდა) ფეხბურთელმა თამაშში პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. ეჭვგარეშეა ვისი სადღეგრძელო უნდა დაელიათ ბავარიელებს შობას, რადგან ეს ორი მატჩი სწორედ შობის წინ გაიმართა. „ბაიერნი“ იმ პერიოდში „ლაიფციგს“ 8 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ზირკზეეს წყალობით სხვაობა ოთხამდე შეამცირა.

ნიდერლანდელმა თინეიჯერმა ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა, ყველაზე სწრაფად გაიტანა საწყისი ორი გოლი გერმანიის საუკეთესო ლიგის ისტორიაში. Opta-ს ცნობით, საერთო ჯამში მეტოქეთა კარში ორი გოლის გასატანად მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა.

პატარა ბიჭი „ბაიერნის“ აკადემიაში 2017 წელს გამოჩნდა, როდესაც გერმანელებმა ტალანტი „ფეიენოორდიდან“ დაიმატეს. 17-წლამდე გუნდში გატარებულ სადებიუტო სეზონში 16 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა, რამაც საშუალება მისცა კარიერაში ნახტომი გაეკეთებინა. მეორე სეზონში 19-წლამდე გუნდში 14 მატჩში 12 გოლი მიითვალა, ხოლო „ბაიერნის“ მეორე გუნდში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

სებასტიან ჰიონესი, რომელიც ზირკზეესთან 19-წლამდე გუნდში მუშაობდა და 2019 წლის მარტში ამბობდა:

„ის ნამდვილად იმ თავდამსხმელის ტიპია, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ადვილი მოსაძებნი არაა. მაღალია, ძლიერია, მაგრამ სხარტი მოძრაობები აქვს. ასევე ძალიან ძლიერია ერთი-ერთზე თამაშის დროს“.

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა „ფრაიბურგთან“ მატჩის შემდეგ, როდესაც ნიდერლანდელის პოტენციალზე ჰკითხეს, თქვა:

„ნამდვილად კარგი ბიჭია, ერთ-ერთი უდიდესი ნიჭის მქონე ჩვენს აკადემიაში. მაღალია, მაგრამ ბურთის კარგად კონტროლი შეუძლია და შესანიშნავი ტექნიკა აქვს. პირველ გუნდთან ვარჯიშებით ბევრს ისწავლის და ნამდვილად გახდება დიდი კლასის მოთამაშე“.

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელთანაც ზირკზეე სავარჯიშო მოედანს იზიარებდა, დავიდ ალაბაა, რომელსაც „რეკორდმაისტერში“ თითქმის 300 მატჩი აქვს ჩატარებული. ავსტრიელი შთაბეჭდილების ქვეში იყო, როდესაც პირველად ნახა:

„ჯოშუა გუნდს პირველივე დღიდან კარგად შეერწყა. სწრაფად სწავლობს და ყოველთვის სურს, რომ ისწავლოს. დიდი პოტენციალის მქონე ბიჭია, აქვს ნიჭი, რომელიც ყველას არ აქვს. მაგრამ მარტო ნიჭი საკმარისი არაა, ყოველთვის უფრო მეტს უნდა მუშაობდეს“.

ალაბას მოსაზრებას ჰიონესიც იზიარებს:

„როგორც მისი ასაკის ყველა ნიჭიერმა ფეხბურთელმა, მანამც საკუთარ თავზე მუდმივად უნდა იმუშაოს. უნდა იცოდეს, რომ ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და კმაყოფილი არასდროს უნდა იყოს. მისი მიზანი მაქსიმალურად საუკეთესოს მიღწევა უნდა იყოს“.

ახლა, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ზირკზეეს ბუნდესლიგის 8 მატჩში (267 წუთი მინდორზე) 4 გოლი აქვს გატანილი. და, თუ „ბაიერნმა“ „ვერცხლის სინი“ მოიგო, ნიდერლანდელის წყალობითაც, რომელმაც ორი გადამწყვეტი გოლი გაიტანა. შემდეგ კიდევ ორი გაიტანა „ჰოფენჰაიმთან“ და „გლადბახთან“, ორივე შემთხვევაში ანგარიში გახსნა. „პადერბორნთან“ (3:2) კი მისი მოედანზე გამოჩენა ასევე იყო გადამწყვეტი, ოღონდ ირიბად, რადგან 87-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ერთ წუთში ლევანდოვსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. ასე რომ, 2019-2010 წლების ბუნდესლიგაში მისი ხელმოწერაცაა...

0.11472