ფეხბურთი

22:53 | 13.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა "ბაიერნის" ჩემპიონობა გადაავადა

ერლინგ ჰოლანდმა მიუნხენის „ბაიერნის“ ჩემპიონობა მინიმუმ ერთი ტურით და რამდენიმე დღით გადადო. თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ დროის ამბავია და „დორტმუნდი“ საჩემპიონო ბრძოლაში განწირულია.

ლუსიენ ფავრის გუნდი გასავარდნ ზონაში მყოფ დიუსელდორფის „ფორტუნას“ ესტუმრა და ძალიან ახლოს იყო ქულები დაეკარგა, მაგრამ მსაჯის მეხუთე კომპენსირებულ წუთზე ნორვეგიელმა ბომბარდირმა საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. რომ არა ეს გოლი, ახლა „ბაიერნი“ უკვე ოფიციალურად იქნებოდა „ვერცხლის სინის“ პატრონი.

„ბაიერნი“, რომელმაც თავისი მატჩი ოდნავ მოგვიანებით ჩაატარა და მძიმედ, მაგრამ მოიგო. „რეკორდმაისტერს“ რობერტ ლევანდოვსკი აკლდა, მაგრამ ნიდერლანდელმა ტალანტმა ჯოშუა ზირკზეემ იდეალურად შეცვალა. 26-ე წუთზე თინეიჯერმა შემტევმა იან სომერის საჩუქარი შეირგო და ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, ზირკზეემ ბუნდესლიგაში 4 გოლის გატანა 50 წუთი მოანდომა და ცხადია, ეს ფენომენალური შედეგია. მიუნხელებმა ტაიმი მაინც ვერ მოიგეს, რადგან 37-ე წუთზე ბენჟამენ პავარმა მანუელ ნოიერი დაამწუხრა და წონასწორობა აღადგინა.

საფრანგეთის ნაკრების ფლანგელმა შეცდომა მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გამოისყიდა, როდესაც ფლანგიდან ლეონ გორეცკას ჩინებული პასი გაუკეთა და გერმანელმა გამარჯვების გოლი მიითვალა. „ბაიერნმა“ მოიგო, „დორტმუნდთან“ 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ახლა მიუნხენურ გიგანტს შეუძლია ზედიზედ მერვე „ვერცხლის სინი“ 16 ივნისს, ბრემენში, „ვერდერთან“ მატჩში გაიფორმოს.

იმ „ვერდერთან“, რომელიც ძალიან დიდ გასაჭირშია, თუმცა, ბოლო ადგილოსან „პადერბორნს“ დღეს თავბედი აწყევლინა და 5:1 გაანადგურა. „მუსიკოსებმა“ 28 ქულა დააგროვეს, „დიუსელდორფს“ გაუტოლდნენ და გადარჩენის იმედიც გაუჩნდათ, მაგრამ დარჩენილ 3 ტურში ქულების დაგროვება კიდევ სჭირდებათ. აი, „პადერბორნი“ კი უკვე განწირულია.

„კიოლნი“ – „უნიონი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფრიდრიხი (39), 0:2 გენტნერი (67), 1:2 კორდობა (90)

„დიუსელდორფი“ – „დორტმუნდი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჰოლანდი (90)

„ჰერტა“ – „აინტრახტი“ 1:4 (1:0)

გოლები: 1:0 პიონტეკი (24), 1:1 დოსტი (51), 1:2 ანდრე სილვა (62), 1:3 ნ’დიკა (68), 1:4 ანდრე სილვა (86)

„პადერბორნი“ – „ვერდერი“ 1:5 (0:3)

გოლები: 0:1 კლაასენი (20), 0:2 ოსაკო (34), 0:3 კლაასენი (39), 0:4 ეგეშტეინი (59), 1:4 საბირი (66), 1:5 ფოლკრუგი (90)

„ვოლფსბურგი“ – „ფრაიბურგი“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 ვერგოსტი (14), 2:0 ვერგოსტი (27), 2:1 ჰოლერი (43), 2:2 სალაი (46)

„ბაიერნი“ – „გლადბახი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ზირკზეე (26), 1:1 პავარი (37, ა.გ), 2:1 გორეცკა (86)

თეგებიბუნდესლიგა
0.111339