ფეხბურთი

1:24 | 13.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში სეზონი განახლდა - "იუვე" ფინალშია (+VIDEO)

სამი თვეზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც იტალიაში ბოლოს ფეხბურთი ითამაშეს და ახლა სეზონი იტალიის თასით განახლდა.

ტურინში, ცხადია უმაყურებლოდ, „იუვენტუსი“ „მილანს“ დაუხვდა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. პირველი შეხვედრა „სან სიროზე“ 1:1 დასრულებულიყო და „ალიანც სთედიუმზე“ გოლი არ გასულა. შედეგად, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით ფინალის საგზური „იუვეს“ დარჩა.

ტურინელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს იმის მიუხედავად, რომ 10კაციან „მილანს“ გოლი ვერ გაუტანეს. 3-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ მაურიციო სარის გუნდი მართლაც კარგ ფეხბურთს აჩვენებდა, განსაკუთრებით მე-60 წუთამდე და ბევრი საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მე-17 წუთზე მოხდა. სტუმართა მცველმა ანდრეა კონტიმ რონალდუმ ბურთზე ხელი აურტყა და პენალტით დაისაჯა, რომელიც პორტუგალიელმა ფორვარდმა გოლად ვერ აქცია და ძელი გადაეღობა. თუმცა, სწორედ ამ ძელიდან ასხლეტილი ბურთის შემდეგ ეპიზოდი გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ ანტე რებიჩი გააძევეს. ხორვატმა დანილოს წინააღმდეგ არასაფეხბურთო ილეთით იმოქმედა და გაძევება სამართლიანი იყო.

„იუვემ“ მეტოქეს არაფრის შექმნის უფლება მისცა, ხოლო ჯანლუიჯი დონარუმამ რამდენჯერმე დამაჯერებლად ითამაშა და საკუთარ გუნდს კარი მშრალად შეუნახა. თუმცა, ეს „როსონერის“ არაფერში წაადგა და „იუვენტუსმა“ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას უფლება მიიღო.

ხვალ ნეაპოლში, „ნაპოლი“ „ინტერთან“ უპირატესობის (1:0) შენარჩუნებას ეცდება, ხოლო ფინალი 17 ივნისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 0:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“, უმაყურებლოდ

„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დანილო (კუადრადო 86), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ხედირა 62), მატუიდი (რაბიო 63); დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 63), დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„მილანი“ (4-2-3-1): დონარუმა; კონტი (სელმაკერსი 88), კიაერი, რომანიოლი, კალაბრია (ლაქსალტი 88); ბენასერი, კესი (კრუნიჩი 82); ჩალჰანოღლუ, პაკეტა (კოლომბო 82), ბონავენტურა (ლეაო 52); რებიჩი

გაფრთხილება: პიანიჩი (43), ხედირა (74) - კონტი (18)

გაძევება: რებიჩი (17)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 12:1 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

0.152333