ზუსტად 13 წელი გავიდა ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, დრამატული ტურიდან. 2007 წლის 9 ივნისი, 37-ე ტურის წინ „რეალი“ და „ბარსელონა“ 72-72 ქულით ლიდერობენ, თუმცა, პირად შეხვედრებში უპირატესობის გამო პირველი ადგილი „სამეფო კლუბისაა“. იქვეა „სევილია“, რომელიც დუეტს 2 ქულით ჩამორჩება.
ბოლოსწინა ტურში ანდალუზიელები „მალიორკას“ ესტუმრნენ და უგოლო ფრეს დასჯერდნენ, რამაც მათი საჩემპიონ შანსი პრაქტიკულად ნულს გაუტოლა.
პარალელურად, „რეალი“ „სარაგოსას“ სტუმრობდა, „ბარსელონა“ კი დერბიში „ესპანიოლს“ დაუხვდა. როგორც წესი მადრიდელებისთვის არაგონელთა მიწაზე თამაში უხერხულია, ხოლო „ბარსას“ თანაქალაქელთან „კამპ ნოუზე“ დიდი პრობლემების გადაჭრა არ უწევს.
თუმცა, იმ დღეს ჰოლივიდური დრამა ვიხილეთ...
ბარსელონაში 29-ე წუთზე რაულ ტამუდომ ანგარიში გახსნა და „ესპანიოლი“ დაწინაურდა. სამ წუთში „ლა რომარედაზე“ დიეგო მილიტომ იკერ კასილიასს პენალტი გაუტანა და „რეალიც“ ჩამორჩა. 43-ე წუთზე ლიონელ მესიმ გაათანაბრა. იმ სეზონში ახალგაზრდა არგენტინელს უკვე გაეტანა „ხეტაფესთან“ დიეგო მარადონას ლეგენდარული გოლის მსგავსი, როდესაც მთელი მოედანზე დრიბლინგით გაიარა, როგორც დიეგომ ინგლისთან 21 წლით ადრე. იმავე მატჩში მარადონამ კიდევ ერთი ლეგენდარული გოლი გაიტანა, რომელსაც „ღმერთის ხელი“ უწოდა. ჰოდა, მესი თანამემამულეს არც ამაში ჩამორჩა. კარლოს კამენის ლეომ აშკარად ხელით დაასწრო და გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია და გოლი ჩაითვალა - 1:1.
57-ე წუთი ორივე მატჩში მნიშვნელოვანი გამოდგა. რუუდ ვან ნისტელროიმ გაათანაბრა სარაგოსაში, ხოლო მესიმ დუბლი შეასრულა და „ბარსა“ დაწინაურდა. ახლა კატალონელები ლაივ ცხრილში ორქულიანი უპირატესობით გალიდერდნენ. „სამეფო კლუბისთვის“ კიდევ მძიმე დარტყმა 7 წუთში დადგა, როდესაც მილიტომ დუბლი შეასრულა და კაპელოს გუნდი „ბარსასთან“ უკვე 3 ქულას აგებდა.
თითქოს ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ ფრანკ რაიკაარდის გუნდი ბოლო ტურის მნიშვნელოვან უპირატესობას მიიღებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე დრამა შედგა. 89-ე წუთზე „ბარსელონას“ დაცვას დაეძინა და რაულ ტამუდომ დუბლი შეასრულა, შესაბამისად, ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ამის მიუხედავად, კატალონელები ლაივ ცხრილში „რეალს“ 1 ქულით უსწრებდნენ...
„ლა რომარედაზე“ კი 90-ე წუთზე ვან ნისტელროიმ დუბლი გაიფორმა, გაათანაბრა - 2:2. ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც მატჩებსი დაწყებამდე იყო. თანაბარი ქულები და „რეალი“ ლიდერის პოზიციაზე.
სხვათა შორის, ბოლო ტურში ორივე გუნდმა მოიგო, თუმცა „რეალს“ შინ „მალიორკასთან“ ნერვიულობა მოუწია, აგებდა და მეორე ტაიმში დაატრიალა სათავისოდ ჩარხი. საბოლოოდ, ლა ლიგის 2006-2007 წლების სეზონში ჩემპიონი „რეალი“ გახდა (76 ქულა, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში „ბარსელონასთან“ – 2:0, 3:3).