ბლოგი

10:38 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა იწყება

კორონავირუსის ეპიდემიის დაძლევის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებას ესპანელი და არამხოლოდ ესპანელი გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა. იძულებითი შესვენება ბობოლა ესპანურმა კლუბებმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენეს და პრიმერა დივიზონი ამ ეტაპზე არაერთი მაღალი კლასის ლეგიონერით გაძლიერდა. ესპანეთში განსაკუთრებით არგენტინელი და ბრაზილიელი დებიუტანტების მოძალება შეინიშნება, რაც ბუნებრივია, რადგან მსგავსი ტენდენცია წლების განმავლობაში დიდი ზრდადობით იმატებს და გარდა ამისა, ლათინოამერიკული სახელმწიფოების მოქალაქეთა უმეტესობისათვის ისტორიული სამშობლო ხომ სწორედ ესპანეთია.

ესპანელ საფეხბურთო მიმომხილვალ ალფრედო მაინოს თუ დავუჯერებთ, ესპანეთის ჩემპიონატში წარმატების მისაღწევად, მხოლოდ ბევრი ფული, ძველი ტრადიციები და მაღალი დონის ფეხბურთელები არ არის საკმარისი. წარმატებისათვის აუცილებელი ყოფილა, ნებისმიერი გუნდის მწვრთნელს სჯეროდეს, რომ ისინი სხვა გუნდებზე მართლა ძლიერები არიან.

ნებისმიერი თბილისელი და არა მხოლოდ თბილისელი გულშემატკივარი გეტყვით, რომ პრიმერას ტურები როგორც წესი მრავალი სენსაციითა და არაპროგნოზირებადი შედეგით ხასიათდება, თუმცა ბოლო დროს ეს შეხედულება არ მართლდება, რადგან მცირე მოულოდნელობებს თუ არ ჩავთვლით, განსაკუთრებულად არაპროგნოზირებადი შედეგი ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე გათამაშებაში კლუბებს შორის არსებული “კლასობრივი უფსკრული”, ანუ სათამაშო კლასში განსხვავება ყველაზე ნათლად გამოჩნდა, ფაქტია, რომ გულშემატკივრებს სწორედ ასეთი ესპანეთის ჩემპიონატი მოსწონს და უხვგოლიანობა პრიმერას ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ევროპაში ცნობილია იმით, რომ საკუთარი ქვეყნის კლუბების ევროტურნირებში წარმატებულად გამოსვლაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბების დასვენების გამო, ლა ლიგას კალენდარული მატჩებიც კი გადაუდიათ.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ აწგაუქმებულ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთში დიდ იმედებს ამყარებდნენ და იმედი ქონდათ, რომ ესპანეთის ნაკრები გაიხსენებდა ძველ დროს და ისევ იპირველებდა. მიუხედავად იმისა, რომ საევროპისჩემპიონატო ნაკრები ფაქტობრივად დაკომპლექტებული იყო, ნაკრების მიღმა დარჩენილი ესპანელი ფეხბურთელები თავს არ ზოგავდნენ, რომ პრიმერა დივიზიონის დარჩენილ მატჩებში კარგი თამაშით ნაკრების მესვეურების ყურადღება მიეპყროთ. თუმცა, ეს “სიამოვნება“ ამ ეტაპზე წარსულში დარჩა.

კატალონიის მხარის სოფელ ილინიაში არის პატარა ბაღი, რომელსაც ადგილობრივები “შერიგების ბაღს“ ეძახიან. საუკუნეების განმავლობაში, ამ ბაღში რიგდებოდნენ სამტროდ გადაკიდებული ნათესავები და მეზობლები. როგორც ჩანს, ამ ბაღში არასოდეს ყოფილან “ბარსელონასა“ და “რეალის“ ფეხბურთელები, რომელთა მრავალწლიანი მტრობა ფეხბურთის სპეციალისტების აზრით ზოგადად ესპანურ ფეხბურთს აზიანებს. არადა, ამ მტრობის გარეშე ესპანური ბურთაობა ვის გაუგია?...

0.118598