ფეხბურთი

23:04 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მიულერის ბუნდესლიგური და ლევანდოვსკის პირადი რეკორდი

მიუნხენის „ბაიერნი“ ბრწყინვალე ფორმაშია და ცხადია ეს ფეხბურთელთა შესანიშნავი გარჯითაა გამოწვეული. „ლევერკუზენთან“ გამარჯვების შემდეგ (4:2) რობერტ ლევანდოვსკიმ და ტომას მიულერმა რეკორდები დაამყარეს.

პოლონელმა ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 44-ე გოლი გაიტანა და ეს პირადსარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე, ერთ სეზონში ამაზე მეტი არასდროს გაუტანია. თუმცა, რობერტს ყველაფერი წინ აქვს, სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ კარგა ხანია დარჩენილი და ეჭვიც არ გვეპარება, რომ გოლებს ისევ გაიტანს.

რაც შეეხება მიულერს, გერმანელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-20 საგოლე პასი შეასრულა და 2014-2015 წლების სეზონში კევინ დე ბრუინის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. დარჩენილ ოთხ ტურში მიულერს ერთი შედეგიანი გადაცემა რეკორდის ერთპიროვნულ მფლობელად აქცევს.

თუმცა, ეს "ბაიერნის" ტვიტერის ვერსიით, აი, ბუნდესლიგის ტვიტერში მიულერი უკვე რეკორდის ერთადერთი მფლობელია, დე ბრუინსა და ფორსბერგს 19-19 საგოლე პასი უფიქსირდებათ. როგორც უნდა იყოს, სიმართლე ერთია - ტომას მიულერმა ფენომენალური შედეგი დააფიქსირა.

0.13565