ფეხბურთი

18:28 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" - ახალი პარტნიორი და სატრანსფერო გეგმები

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და სადეზინფექციო საშუალებებისა და ბიოენერგეტიკულ სასმელების მწარმოებელ კომპანიას შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და “ინო-ლაბის” დირექტორმა პაპუნა პაპიაშვილმა “ბენდელას” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თანამშრომლობისა და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მოხარული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პირველად ვხვდებით ერთმანეთს. “კოვიდ-19”-მა ადამიანების ცხოვრება შეცვალა, აქედან გამომდინარე დავიწყეთ ზრუნვა ფეხბურთელებისა და კლუბში მომუშავე პერსონალისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. კომპანია “ინო-ლაბთან” ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ისინი უზრუნველყოფენ ყველანაირი ჰიგიენური ნორმების დაცვას. ამ რთულ პერიოდში ახალი პარტნიორის შეძენა საკმაოდ რთულია. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით. კომპანიის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის მინდა მადლობა ვუთხრა.
ეს პროექტი “ინო-ლაბის” გუნდმა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე პანდემია მოხდებოდა. ადამიანთა ნაწილი ამ ყველაფერს პესიმისტურად უყურებდა, თუმცა გამოჩნდა, რომ გიორგი ზვიადაძემ და მისმა გუნდმა სწორი ნაბიჯი გადადგეს”.
პაპუნა პაპიაშვილი: “დიდი მადლობა ასეთი აღიარებისთვის და კომპლიმენტისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ისეთ წარმატებულ კლუბთან თანამშრომლობა, როგორიც “საბურთალოა”. კლუბი ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ და ყოველწლიურად ვითარდება. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

– მალე ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. როგორ ხვდებით 25 ივნისს?
– ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს მუშაობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი განახლდეს. მადლობა მათ ამისთვის. დიდი მოლოდინი გვაქვს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ პირველივე შეხვედრა თბილისის “დინამოსთან” გვაქვს. ვეცდებით, ზოგადად ღირსეულად ვიასპარეზოთ, როგორც შინაურ პირველობაზე, ასევე ევროტურნირებზე. ჩვენი გეგმები არ იცვლება, მაღალი მიზნებისთვის ვბრძოლობთ. ვფიქრობ, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ.
– თუ იგეგმება რომელიმე ფეხბურთელის დამატება?
კახა კაშია:
– ამ კუთხითაც გვაქვს სიახლე – უკვე ჩვენი კლუბის ფეხბურთელია ლევან ნონიკაშვილი, რომელიც ვფიქრობ ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლევანმა უკვე ივარჯიშა “საბურთალოში” და გვჯერა დაგვეხმარება წარმატებების მიღწევაში. რაც შეეხება წამსვლელებს – შეიძლება ერთმა უცხოელმა და ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს.
– ლევან ყენია გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. რა ხდება მასთან დაკავშირებით?
კახა კაშია:
– ლევანი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ამ პანდემიის დროს იგი ევროპაში გაემგზავრა და იქ იმყოფება. მწვრთნელებს აქვთ კონტაქტი. გვინდა რომ ჩამოვიდეს, მას ჯერ კიდევ აკავშირებს კლუბთან ხელშეკრულება.
– ის ლეგიონერები, რომლებიც კლუბში ირიცხებიან, როდისთვის ელოდებით?
კახა კაშია:
ჟარდელი და ელვინ ტერა ამ პანდემიის დროს თბილისში იყვნენ. ვმუშაობთ ლუმუსა და ბელიაევის ჩამოყვანაზე. როგორც ვიცით, 1 ივლისიდან ოფიციალურად იხსნება საჰაერო მიმოსვლა, თუმცა დახმარებისთვის წერილობით მივმართეთ შესაბამის უწყებებს. თუ მანამდე შემოგვიერთდებიან, ძალიან კარგი იქნება.
– ამ პირობებში რთულია, თუმცა ხომ არ მუშაობთ ახალი ლეგიონერების ჩამოყვანაზე?
ტარიელ ხეჩიკაშვილი:
– პანდემიამ ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა. ამჟამად, ახალი ლეგიონერის ჩამოყვანის საკითხი გართულებულია, ამავდროულად თავისებურ რისკებსაც შეიცავს.

– ნიკოლოზ მალის, გიორგი კოხრეიძისა და ლუკა ლაკვეხელიანის მიმართ ხომ არა აქვთ, უცხოურ კლუბებს ინტერესი?
ტარიელ ხეჩიკაშვილი:

ამ ფეხბურთელების მიმართ ინტერესი ხშირად არის-ხოლმე, თუმცა განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. აქედან გამომდინარე, ცოტა დაცდა მოგვიწევს. თუმცა, ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის ევროპაში გზა ყოველთვის გახსნილი იქნება.

კახა კაშია:
ბევრ მენეჯერთან გვაქვს კონტაქტი, ისინი ამ ეტაპზე ტრანსფერებზე ვეღარ ფიქრობენ. ბევრ ევროპულ კლუბს გაუჭირდა – იცით, რომ ევროპაში გუნდების დიდ ნაწილს შემოსავალი ტრანსილაციებიდან, ბილეთების გაყიდვიდან და ტრანსფერებიდან აქვთ. ეს ყველაფერი კი ამ დროისთვის გაჩერებულია.

– თუ არის ცნობილი, “კოვიდ-19”-თან დაკავშირებით როდის გაივლის გუნდი ტესტირებას?
კახა კაშია:

– “საბურთალო” დღეს საღამოს გაივლის პირველ ტესტირებას, მეორედ კი ორი კვირის შემდეგ. ვისარგებლებ შემთხვევით და ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დგომისთვის მადლობას გადავუხდი.

FBSABURTALO.GE

თეგებისაბურთალო
0.11773