ფეხბურთი

1:16 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რენე ფერეირამ მაკარიძეს გოლი გაუტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს - პორტუგალიაში სეზონი განახლდა (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგა განახლდა და XXV ტურში ჩვენთვის საინტერესო დუელი შედგა. გიორგი მაკარიძე რენე ფერეირას წინააღმდეგ. გახსოვთ ალბათ, ბრაზილიელი მცველი, რომელიც ერთი ხანობა „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა.

მაკარიძის „სეტუბალი“ გასვლაზე „მარიტიმუს“ გაეჯიბრა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში თავის დაცვა უწევდა, ქულა მაინც მოიპოვა - 1:1.

მე-11 წუთზე კორეამ მასპინძლები დააწინაურა, რასაც საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე გედეშმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მაკარიძე უსაქმოდ არ ყოფილა, პირველ ტაიმში სამჯერ იხსნა საკუთარი გუნდი და რასაკვირველია გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა.

ასევე თავიდან ბოლომდე გაისარჯა რენე ფერეირა, რომელმაც 71-ე წუთზე მაკარიძის კარში გოლიც გაიტანა და თავიდან ჩაითვალა კიდეც, მაგრამ ვიდეორეფერისთან გადამოწმდა ეპიზოდი და გაირკვა, რომ მანამდე მისმა თანაგუნდელმა ხელით ითამაშა, რის გამოც გოლი არ ჩაითვალა. საინტერესოა, რომ „მარიტიმუს“ მეორე ტაიმში ორი გოლი გაუუქმეს.

რაც შეეხება „სეტუბალს“, 25 ტურის თავზე 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 საფეხურზეა.

0.142878