ფეხბურთი

19:09 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მინდოდა პირდაპირ სახეში დამერტყა" - დუდეკმა ბენიტესთან ურთიერთობაზე ისაუბრა

„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ ირჟი დუდეკმა 2005 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როდესაც რაფაელ ბენიტესმა გუნდის დატოვების უფლება არ მისცა და თან ძირითადი შემადგენლობიდანაც ამოაგდო.

სტამბოლის ფინალის შემდეგ, რომლის მოგებაში პოლონელს უდიდესი წვლილი მიუძღოდა, ბენიტესმა „ვილიარეალიდან“ დაუყოვნებლივ შეიძინა პეპე რეინა და დუდეკი სათადარიგო სკამზე დასვა.

„როდესაც ჩემი კარიერის პიკზე ვიყავი, ბენიტესმა სხვა მეკარე იყიდა (პეპე რეინა 2005 წელს - რედ). უნდა მეთამაშა, 2006 წლის მუნდიალი ჰორიზონტზე იყო. ჩემი შეძენა „კიოლნს“ უნდოდა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე დამირეკეს და მითხრეს: „რატომ არ გველაპარაკება რაფა?“ გაკვირვებული ვიყავი“, - იხსენებს დუდეკი.

სინამდვილეში ბენიტესი „ლივერპულის“ მთავარ მეკარედ თანამემამულე პეპე რეინას განიხილავდა, მაგრამ დუდეკის გაყიდვა არ უნდოდა, რადგან თუ ესპანელს პრობლემა შეექმნებოდა, პოლონელის სახით ძლიერი შემცვევლელი ეყოლებოდა.

„მეორე დღეს ვესაუბრე ბენიტესს და მითხრა, რომ იჯარისთვის მხოლოდ 800 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობდნენ. „თუ რეინა ტრავმას მიიღებს, რა ვქნა? არ შემიძლია 800 ათასად ამ რისკზე წავიდე“. ამ პასუხის შემდეგ თავში გიჟური იდეა მომივიდა, მინდოდა სახეში დამერტყა. ამ სულელური დიალოგის შემდეგ ვფიქრობდი, რომ თუ რაფას დავარტყამდი, „კიოლნში“ გამიშვებდნენ“, - დასძინა პოლონელმა.

საბოლოო ჯამში არაფერი მომხდარა, დუდეკს ბენიტესისთვის არ დაურტყამს, არც გუნდიდან გაუშვეს და მომდევნო ორი სეზონი „ენფილდ როუდზე“ რეინას დუბლიორის როლში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზურგს სტამბოლის დაუვიწყარი ღამე უმაგრებდა. საბოლოოდ, დუდეკმა „ლივერპული“ 2007 წელს დატოვა და „რეალში“ გადავიდა, სადაც იკერ კასილიასის შემცვლელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111976