ფეხბურთი

1:25 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აჩიმ გიუნეშს უთხრა, კარის უკან დავდგები და გატანაში დავეხმარებიო" - ტყუპების ემოციური მომენტი

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ფეისბუქგვერდზე თავის ძმასთან, არჩილთან ერთად „ტრაბზონსფორში“ თამაშის დროს გადაღებული ემოციური ფოტო გამოაქვეყნა.

უზბეკური „ფახთაქორის“ ქართველმა მწვრთნელმა სწორედ ამ ფოტოსთან დაკავშირებული ისტორია გაასაჯაროვა და დაწერა, რომ დღესაც ახსოვს ის ემოცია, რომელიც ტყუპ ძმასთან ერთად განიცადა.

„ეს ჩემი და აჩის ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. რამდენიმე თურქულმა გვერდმა დადო ეს ფოტო და გამახსენდა ის ემოცია, რომელიც გოლის გატანის და თამაშის დასრულების შემდეგ, აჩისთან ერთად მქონდა. სტამბოლში, ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, გოლს ვერ ვიტანდით. აჩი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა, თუმცა სათადარიგო სკამზე იყო. მეორე ტაიმში, შენოლ გიუნეშს უთხრა, მოწინააღმდეგის კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო. მწვრთნელმა ამის უფლება მისცა და აჩიც კარის უკან, იმ ფეხბურთელებთან ერთად წავიდა ვინც შეცვლაზე შესვლამდე ხურდებოდა. ერთ-ერთ მომენტში, ბურთი კარგად დავიჭირე და გოლი შევაგდე. მახსოვს ძალიან ემოციურად აღვნიშნეთ. თამაშის მერე ყველა გვეხვეოდა და გვილოცადა. ასე იცოდა, ჩემმა საყვარელმა ჯემალ ჩიმაკაძემაც (ჩარლიკამ). როცა მოედანზე ერთად ვიყავით, იტყოდა - წავალ კარის უკან დავდგები, სხივებს გამოვუშვებ და ორივე შეაგდებთო", - წერს შოთა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ შოთა და არჩილ არველაძეები „ტრაბზონსფორში“ 1993-1997 წლებში თამაშობდნენ. შოთამ თურქულ გუნდში ჩატარებულ 123 მატჩში 81 გოლი გაიტანა, ხოლო აჩიმ 64 შეხვედრაში 23 გოლი მიითვალა.

0.118302