ვებგვერდმა Sportmax.tv-მ ინგლისის პრემიერლიგაში 1995 წლის ზაფხულში განხორციელებული გამორჩეული ტრანსფერები დაასახელა, რომლებმაც ინგლისში ფეხბურთი შეცვალეს.
სწორედ იმ წელს „დინამო თბილისიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გიორგი ქინქლაძე გადავიდა და გამოცემამ ქართველის „ქალაქელთა“ რიგებში გადაბარგებაც გამოყო.
„სიტის“ გულშემატკივრები დღეს მიჩვეულნი არიან წარმატებებს, რომლებიც ლეგიონერებმა განაპირობეს, პეპ გვარდიოლამ, შეიხმა მანსურმა, სერხიო აგუერომ, კევინ დე ბრუინმა და ვინსენ კომპანიმ. თუმცა ქინქლაძეს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება „სიტის“ გულშემატკივრების გულში, რომელმაც „მეინ როუდზე“ იმ პერიოდში ითამაშა, როდესაც პრეზიდენტი ფრენ ლი იყო, ხოლო უვე როსლერი ვარსკვლავი თავდამსხმელი. ქინქლაძის პირველივე სეზონში გუნდი ქვედა ლიგაში გავარდა, ხოლო 1998 წელს „სიტი“ დატოვა, როდესაც კლუბი მესამე დივიზიონში დაქვეითდა. ქართველი ბნელ პერიოდში ნათელი ნაპერწკალი იყო, მისი დრიბლინგების უნარი და საჯარიმო დარტყმები არასდროს დაავიწყედებათ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სოლოგოლი „საუთჰემპტონთან“ გაიტანა“, - წერს გამოცემა.
ქინქლაძის გარდა, 1995 წლის პრემიერლიგის ახალწვეულებში რუუდ გულიტი („სამპდორიადან“ „ჩელსიში“), დენის ბერგკამპი („ინტერიდან“ „არსენალში“), დევიდ პლატი („სამპდორიადან“ „არსენალში“), დავიდ ჟინოლა (პსჟ-დან „ნიუკასლში), ლეს ფერდინანდი (ქპრ-დან „ნიუკასლში“), სტენ კოლიმორი („ნოტინგემიდან“ „ლივერპულში“) და ჟუნინიო პალისტა („სან პაულუდან“ „მიდლსბროში“) გამოარჩიეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტიში" 1995-1998 წლებში 118 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.