„იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ასაკი ვერაფერს რომ აკლებს, დიდი ხანია ცნობილია. ტურინული გამოცემა Tuttosport-ი კი საინტერესო სიახლეს ავრცელებს.
„იუვეს“ ბაზაზე ფეხბურთელებს ფიზიკური ტესტირება ჩაუტარდათ და კრიშტიანუს შემთხვევაში განმაცვიფრებელი პასუხი მიიღეს. რონალდუ ახლა უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება, ვიდრე სეზონის შეწყვეტამდე, მარტის თვეში.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი თვეა რონალდუს არ უთამაშია და გუნდთან ერთადაც არ უვარჯიშია (დღეიდან დაიწყო გუნდთან ერთად მზადება), ინდივიდუალურად მოახერხა, რომ საკუთარი ფიზიკური კონდიცია გაეუმჯობესებინა.
შეგახსენებთ, სერია A-ს სეზონი 20 ივნისს განახლდება, მანამდე კი 13 ივნისს იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, სადაც „იუვე“ „მილანს“ დაუპირისპირდება.