ფეხბურთი

18:28 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უნიკალური დღე: ქართული ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

2005 წლის 23 ნოემბერი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის მეხუთე ტური. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, რიგითი კალენდარული ტური, რომელმაც ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარა.

გელზენკირხენის „შალკე“ „ველტინს არენაზე“ პსვ ეინდჰოვენს მასპინძლობდა და მხოლოდ გამარჯვება დაუტოვებდა ჯგუფიდან გასვლის შანსს. ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გოლები იქამდეც გასულა, ყოფილა დუბლი, ყოფილა ერთ მატჩში ორი ჩვენებურის გოლებიც, მაგრამ ჰეთ-თრიქი არა.

„შალკეს“ ღირსებას ლევან კობიაშვილი იცავდა და რალფ რანგნიკის გუნდმა მისი სამი გოლით ჰოლანდიური გრანდი დაამარცხა. ლევანმა მე-18 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, 72-ე წუთზე ბრაზილიელი ლინკოლნის დარტყმული ხარიხას მოხვდა და ჩვენებურმა დაუცველ კარში დაამატა, ხოლო 7 წუთში მეორედ მივიდა პენალტის ნიშნულთან და ეურელიო გომეში ისევ დაამწუხრა.

საბედნიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ქართული ჰეთ-თრიქი ვიხილეთ, თუმცა სამწუხაროა ისიც, რომ ეს შედეგი დღემდე ერთადერთია ჩვენი ფეხბურთისთვის ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე.

„შალკემ“ მოიგო, 8 ქულა დააგროვა და პსვ-ს ერთი ქულით გადაასწრო. თუმცა, ბოლო ტურში გერმანელებმა „მილანთან“ წააგეს, „ფილიპსელებმა“ „ფენერბახჩეს“ აჯობეს და „ხუმარებს“ მხოლოდ მესამე ადგილი, შესაბამისად, უეფას თასის საგზური ერგოთ. იქ, „შალკე“ ნახევარფინალამდე მივიდა და მომავალ ჩემპიონ „სევილიასთან“ დამატებით დროში დამარცხდა (0:0, 0:1), ხოლო კობიაშვილმა მერვედფინალში „პალერმოსთან“ პენალტის გატანაც მოახერხა.

ბოლოსკენ ისიც გავიხსენოთ, რომ 2005 წლის 23 ნოემბერს, ლევან კობიაშვილის დარად ჰეთ-თრიქი ადრიანომ სლოვაკურ „არტ მედიასთან“, ხოლო ანდრეი შევჩენკომ პოკერი შეასრულა „ფენერბახჩესთან“.

0.156274