ფეხბურთი

12:41 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერში" მუშაობაზე შემიძლია 1 000-გვერდიანი წიგნი დავწერო" - მოურინიო საიდუმლოებების გამხელას აპირებს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მზადაა მილანის „ინტერში“ გატარებულ პერიოდზე წიგნი დაწეროს. თუმცა, „განსაკუთრებულს“ მისი ყოფილი შეგირდებისგან ნებართვის აღება მოუწევს, რადგან როგორც ამბობს, ბევრი საიდუმლო უნდა გაამჟღავნოს.

„შემიძლია „ინტერში“ გატარებულ 2 წელიწადზე 1 000-გვერდიანი წიგნი დავწერო. შესაძლოა ეს ერთ დღესაც გავაკეთო, მაგრამ მანამდე ბიჭებს ნებართვა უნდა ვთხოვო, რადგან ბევრი საიდუმლო ამბავია.

ჩემთვის ძალიან რთული იყო და არ მინდოდა მილანიდან წასვლა. ხალხი ამბობდა, რომ „რეალთან“ კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა, ეს სიმართლე არ იყო. შეთანხმება მქონდა, მაგრამ ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. იმ მომენტში „რეალში“ წასვლა მართლა ძალიან მინდოდა, მსურდა ინგლისისა და იტალიის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატიც მომეგო.

მაგრამ მეშინოდა თუ ფეხბურთელებთან ერთად მილანში დავბრუნდებოდი, გულშემატკივრებს რა რეაქცია ექნებოდათ, შემიძლია ვთქვა, რომ მათგან გავიქეცი. რამდენიმე დღეში „რეალთან“ კონტრაქტი გავაფორმე და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი მილანში, სადაც ვახშამზე პრეზიდენტ მორატის შევხვდი“, - თქვა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო „ინტერს“ 2008-2010 წლებში წვრთნიდა და გუნდს ორჯერ სკუდეტო, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. სწორედ, 2010 წელს, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჟოზემ კონტრაქტი „რეალთან“ გააფორმა.

0.103464