ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. ადვოკატმა ანა აბაშიძემ აღნიშნა, რომ ბასილაშვილის კარიერულ წარმატებებში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია, ის სათანადოდ დაუდგა გვერდში სპორტსმენს.
„ჩვენი მიზანი ერთადერთია, მაქსიმალურად ეფექტურად და ყველაზე უმტკივნეულო გზით დავიცვათ დაზარალებული და რა თქმა უნდა, არასრულწლოვანი, რომელიც არის საქმეში. არავის უხარია ის პროცესი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ის ბრალდებები, რაც ქალის მიმართ გაისმა, ერთის მხრივ უსაფუძვლოა და მეორეს მხრივ ტრავმას განმეორებით იწვევს.
თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, ეს დაკავშირებულია ოჯახთან და პირველ რიგში მის ყოფილ ცოლთან. თავად ქალბატონი ნელი, ერთის მხრივ, რომ მხარი დაეჭირა მეუღლისთვის, უარს ამბობდა საკუთარ კარიერაზე, რადგან მან კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში წლების წინ და შემდეგ არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ თავისი ნებით გააკეთა არჩევანი, რათა დახმარებოდა მეუღლეს და ეზრუნა შვილზე. შესაბამისად, იმ წარმატებებში, რომლითაც ობიექტურად გვიამაყია, მისი წვლილიცაა“, - განაცხადა აბაშიძემ.
"აქ საუბარი არ არის, ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, აქ საუბარი სისტემატურ ფაქტზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილას ხდებოდა. ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საუბარია ფოტო და ვიდეომასალაზე, ექსპერტიზის შედეგებზე. მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, არასწორია, თუმცა მის შინაარსობრივ მხარეებზე შეგნებულად არ ვსაუბრობთ, რადგან ვუფრთხილდებით მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს და ასევე, იმიტომ, რომ არ გამოვიწიოთ დაზარალებულისთვის ხელახალი ზიანის მიყენება“, - განაცხადა ადვოკატმა ანა თავხელიძემ.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ 100000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, გამოძიება კი გრძელდება და მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ივლისსაა ჩანიშნული.