საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. სეოკ-ი ყველა მხარეს მოუწოდებს უდანაშაულობის პრეზუმცია დაიცვან და განაჩენის დადგომამდე დაუსაბუთებული ბრალდებისგან თავი შეიკავონ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სეოკ-ი წუხლს გამოთქვამს განვითარებული მოვლენების გამო და ბასილაშვილს იცნობენ, როგორც ნიჭიერ, შრომისმოყვარე და მშვიდ პიროვნებას.
"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.