წვიმიანი ამინდი დაემთხვა თბილისის “ვიტ ჯორჯიას” სტუმრობას ივანწმინდაში. გადაუღებელი ნალექის კვალი საფეხბურთო არენასაც ეტყობოდა, რაც, ბუნებრივია, თამაშზე საერთო ჯამში უარყოფითად აისახა. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს ზუსტი გადაცემების და ოსტატობის გამოვლენაში ნახსენები პრობლემები ხელს უშლიდათ.
გასულ ტურში საჩხერლებმა მოულოდნელი მარცხი იწვნიეს მარტვილის “მერანისაგან”, ხოლო ვეტერინარებმა შინ ლანჩხუთის “გურიასთან” ქულები გაიყვეს. შესაბამისად ორივე გუნდს დიდი სურვილი და მონდომება ჰქონდათ იმისათვის, რათა გამარჯვება მოეპოვებინათ და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში აენაცვლებინათ. “ჩიხურა” დედაქალაქელებთან პაექრობას სერიოზული დანაკლისით შეხვდა. დისკვალიფიკაციის გამო თამაშის გამოტოვება დეკანოიძეს მოუწია, ხოლო ტრამვის გამო - კუჭუხიძეს.
შეტევის ხაზში სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. სადებუტო წუთებში ყველაზე სახიფათო მომენტი სტანდარტული მდგომარეობიდან შეიქმნა, როდესაც ოდიკაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთს თავს მუმლაძე ურტყამდა, თუმცა საჩხერელთა ფორვარდის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. ცოტა ხანში თეიმურაზ ღონღაძეს მიეცა ჩინებული შესაძლებლობა, როდესაც ზედ საჯარიმოს ხაზიდან ურტყამდა ძლიერად. ბურთი კარის ჩარჩოში რომ მოხვედრილიყო მეკარეს მისი აღების შანსი არ ექნებოდა, მაგრამ თბილისელთა იღბლად “ჩიხურას” მარჯვენაფლანგელის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
საწყისი წუთების შემდეგ სათამაშო სცენარი მოედანზე დიდად არ შეცვლილა. უპირატესობას ისევ მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც უფრო მოტივირებულნი ჩანდნენ. მე-20 წუთზე კორიფაძემ “გაისროლა” შორიდან და რომ არა მეკარე შეროზიას დამაჯერებელი თამაში, ალბათ “ჯორჯიელები” უსიამოვნებას ვერ აცდებოდნენ. ცოტა ხანში შეტევის მარჯვენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა ოდიკაძემ, რომელმაც მოხდენილად ჩამოიშორა მურუსიძე და ერთი შეხებით კარგი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში შეჭრილ მუმლაძეს, რომელმაც მცველებთან ბრძოლაში დარტყმა კი მოასწრო ნახტომში, მაგრამ სიზუსტე ამჯერადაც ვერ დაიცვა და შესაბამისად საგოლე სიტუაციაც განიმუხტა.
თავის მხრივ შეტევებში აქტიურობა სტუმრებმა სცადეს. მათი ყველა გადაცემა ტანმაღალი ლობჯანიძის მისამართით იყო გაგზავნილი. ახალგაზრდა ფორვარდიც შეძლებისდაგვარად იბრძოდა და მეურვეებიც დაძაბული ჰყავდა, მაგრამ რაიმე რეალურის შექმნა პირველ ტაიმში მან ვერ შეძლო. თავის მხრივ ყოფილმა “ჯორჯიელმა” კორიფაძემ 33-ე წუთზე კიდე ერთხელ ითამაშა კარგად და კარგი ფლანგური გადაცემა გაუკეთა ღონღაძეს, რომელმაც შეუჩერებლივ დაჰკრა საჯარიმოს მისადგომებიდან. ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და დედაქალაქელთა კარის ძელს ახლო მანძილით ჩაუარა. ტაიმის მიწურულს ვიტელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სადაც ოდიკაძეს და მუმლაძეს ჰქონდათ კარში დარტყმის შანსი, მაგრამ თბილისელთა მცველებმა მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს. ბოლო წუთზე კი ოდიკაძემ ითამაშა კარგად, იოლად ჩამოიშორა მეურვე და მახვილი კუთხიდან, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ძლიერად, თუმც არაზუსტად დაარტყა და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი საწყისის მსგავსად დაიწყო. პირველი დარტყმა მასპინძლებმა ისევ სტანდარტულიდან განახორციელეს. ამჯერადაც ვიტელთა კარს ოდიკაძე დაემუქრა, თუმცა შეროზიამ ნახტომში შეძლო ბურთის დაუფლება. მალევე ჯიღაურმა დაარტყა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად, თუმცა არაზუსტად. 55-ე წუთზე ისევ სტანდარტულიდან ჰქონდათ ზემო იმერლებს გატანის შანსი, მაგრამ ოდიკაძის ჩაწოდებულზე მუმლაძემ თავით სათანადოდ დარტყმა ვერ მოახერხა. ცოტა ხანში თორნიკე ისევ აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში, როდესაც შეროზიას დაჭერილი ბურთი ხელიდან გაუვარდა (როგორც აღმოჩნდა თითის ტრავმის გამო, რისთვისაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა და თამაშიც დაახლოებით სამი წუთი იყო გაჩერებული), მაგრამ მას მცველებმა დაასწრეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. ცოტა ხანში შეროზიამ ისევ იყოჩაღა, როდესაც კუთხურიდან მოწოდებულზე კაშია ურტყამდა თავურს.
მასპინძელთა უპირატესობა თანდათანობით იზრდებოდა. 66-ე წუთზე ქიმაძის ძლიერი დარტყმა შეროზიამ გაჭირვებით მოიგერია. ვიტელთა კიპერის კარგი თამაში კინაღამ მაშინვე გაუფერულდა, როდესაც იგი კარიდან გამოვიდა ღონღაძის 50-მეტრიან გადაცემაზე კორიფაძის მისამართით. საჩხერელთა მარცხენაფლანგელმა დაასწრო ჯორჯიელთა კარის დარაჯს და ბურთის თავზე გადაგდებაც მოახერხა. ბურთმა მაღალი ტრაექტორია მოხაზა და ვიტელთა კარის უკან ჩაეშვა. საჩხერელთა მონდომებამ შედეგი 74-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ქიმაძემ დიდებული სოლო რეიდი მოაწყო და შეტევის მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე მოძრაობაში ჩამოიშორა. თბილისელთა საჯარიმოში შეჭრილი “ჩიხურას” მარცხენა ფლანგის მცველი ვიტელებმა წესების დარღვევით გააჩერეს. არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც ღონღაძემ უნაკლოდ შეასრულა და შეროზიას ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა – 1:0.
ანგარიშში დაწინაურების შემდეგ მასპინძლებმა თავიანთი უპირატესობა მალევე გაზარდეს. საგოლე შეტევა ღონღაძემ წამოიწყო, რომლემაც შორეული გადაცემით შეტევის მარჯვენა ფლანგზე გარღვევაზე ოდიკაძე გაიყვანა. “ჩიხურას” კაპიტანმა გადაცემას ბოლომდე მისდია და მოწინააღმდეგის საჯარიმოში, მეკარს ბაქანთან მყოფ მუმლაძეს ზუსტად უპასა. თავის მხრივ მასპინძელთა ფორვარდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ახლო მანძილიდან, დასწრებაზე მეორედ აიღო თბილისელთა კარი – 2:0. დარჩენილ დროში ვიტელები შეეცადნენ მოწინააღმდეგის კარისთვის უფრო მეტად შეეტიათ. მართალია, მათ მცდელობა და ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ქვილითაიას სერიოზულად შეწუხება მაინც არ გამოუვიდათ. “ჩიხურამ” კი დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ჩიხურა - ვიტ ჯორჯია - 2:0 (0:0)
5 ოქტომბერი. ივანწმინდა. “ცენტრალური”. 200 მაყურებელი
“ჩიხურა”: ქვილითაია, თეიმურაზ ღონღაძე, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური, ქიმაძე, კორიფაძე, მუმლაძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე (ბაჯელიძე, 87), ჩიკვაიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“ვიტ ჯორჯია”: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე, გახარია, დავლაშელიძე, დადიანი (კუხალეიშვილი, 81), კურდღელაშვილი (მაისურაძე, 65), კახაბრიშვილი (ხვისტანი, 28), ლობჯანიძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გოლები: 1:0 ღონღაძე (75, პენალტით), მუმლაძე (79).
გაფრთხილება: ხვისტანი (42), დავლაშელიძე (56), ლობჯანიძე (66), ღონღაძე (71), გახარია (74), მაისურაძე (82), კუხალეიშვილი (87), დობროვოლსკი (90).
არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი (ქუთაისი)
1. | დინამო (თბილისი) | 7 | 5 | 1 | 1 | 14:6 | 16 | |
2. | სამტრედია | 8 | 5 | 1 | 2 | 10:6 | 16 | |
3. | დილა | 8 | 4 | 2 | 2 | 12:4 | 14 | |
4. | სპარტაკი | 8 | 4 | 2 | 2 | 7:7 | 14 | |
5. | ტორპედო | 8 | 3 | 4 | 1 | 8:5 | 13 | |
6. | ჩიხურა | 8 | 4 | 1 | 3 | 9:8 | 13 | |
7. | მეტალურგი | 8 | 3 | 3 | 2 | 10:8 | 12 | |
8. | ვიტ-ჯორჯია | 8 | 3 | 1 | 4 | 9:8 | 10 | |
9. | დინამო (ბათუმი) | 8 | 3 | 1 | 4 | 8:10 | 10 | |
10. | გურია | 8 | 2 | 4 | 2 | 7:13 | 10 | |
11. | ზესტაფონი | 8 | 2 | 3 | 3 | 16:11 | 9 | |
12. | სიონი | 8 | 2 | 2 | 4 | 9:13 | 8 | |
13. | კოლხეთი | 8 | 2 | 2 | 4 | 7:11 | 8 | |
14. | მერანი | 7 | 2 | 1 | 4 | 6:8 | 7 | |
15. | შუქურა | 8 | 1 | 4 | 3 | 5:12 | 7 | |
16. | ზუგდიდი | 8 | 0 | 4 | 4 | 4:11 | 4 |
მეგოლეები:
5 -ირაკლი მოდებაძე (დილა)
4-შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)
2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე (გურია), გიგა ამბროლაძე, დათა სიჭინავა (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
თეგები: ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი-უმაღლესი ლიგა-მე-8 ტური-მიმოხილვა