ფეხბურთი

10:27 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ასათიანის ლამაზი გოლი ნემანია ვიდიჩის დახმარებით და ჩხუბი მეკარესთან (+VIDEO)

მალხაზ ასათიანი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ამავდროულად დიდი გულისტკივილია, რადგან შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოავლინა. მეტიც, 29 წლის ასაკში კარიერაც დაასრულა, არადა ბევრისთვის პიკი შემდეგ დაწყებულა.

თუმცა, ცხადია, მალხაზის კარიერაში არაერთი დასამახსოვრებელი თამაში იყო და მის ოსტატობაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ. დღეს, ერთ-ერთ მატჩს გავიხსენებთ.

2005 წლის 19 ნოემბერი. რუსეთის პრემიერლიგის 2005 წლის სეზონის ბოლო, 30-ე ტური. მოსკოვურ დერბიში „ლოკომოტივი“ „სპარტაკს“ მასპინძლობდა. ჩემპიონი უკვე ცსკა იყო, ხოლო „რკინიგზელები“ და „სახალხო გუნდი“ ერთმანეთს მეორე ადილისთვის ეცილებოდნენ, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნიშნავდა, ხოლო მესამე პოზიცია მხოლოდ უეფას თასის ბილეთს იძლეოდა.

„ლოკომოტივმა“ იმ სეზონში მხოლოდ 2 თამაში წააგო. ბოლო ტურის წინ კი, ვითარება ასეთი იყო: „ლოკოსაც“ და „სპარტაკსაც“ 55-55 ქულა ჰქონდათ. ურთიერთშეხვედრებში ვლადიმირ ეშტრეკოვის გუნდს „სახალხო გუნდთან“ სტუმრად პირველ წრეში 2:1 ჰქონდა მოგებული, თუმცა, დებულების თანახმად, თანაბარ ქულებზე უპირატესობა ენიჭებოდა გუნდს, რომელსაც უფრო მეტი გამარჯვება ჰქონდა სეზონში და ამ კუთხით „სპარტაკი“ წინ იყო - 16 მოგება 14-ის საპირწონედ.

შედეგად, საკითხი მარტივად იდგა: „ლოკომოტივს“ მხოლოდ 3 ქულა გაიყვანდა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო „სპარტაკს“ ფრეც დააკმაყოფილებდა. თავიდანვე ვთქვათ, რომ ეშტრეკოვმა ორი ჩვენებური გაამწესა ძირითად შემადგენლობაში - გუნდის ლიდერი მალხაზ ასათიანი და ბევრისთვის მოულოდნელად, იმ დროს 20 წლის გიორგი ჭელიძე თავდასხმაში, რომელსაც ჩინებული საგოლე მომენტიც ჰქონდა 0:0-ზე, მაგრამ მეკარემ აჯობა. გიორგიმ იმ დღეს 66 წუთი ითამაშა და მერე ადგილი ფრანჩესკო რუოპოლოს დაუთმო.

თამაშს რაც შეეხება, 62-ე წუთზე იგორ ტიტოვმა ალექსანდრ სტარკოვსის გუნდი წინ გაიყვანა, 85-ე წუთზე ასათიანმა შეძლო წონასწორობის აღდგენა. ქართველმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა. უნდა ითქვას, რომ ამაში ჩვენებურს რიკოშეტიც დაეხმარა - კარისკენ მიმავალი ბურთი გზად იმხანად „სპარტაკის“ მცველ და შემდგომ უკვე „მანჩესტერის“ ლეგენდად ქცეულ ნემანია ვიდიჩს მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა.

სხვათა შორის, გოლს ჩხუბიც მოჰყვა - „ლოკო“ ჩქარობდა, მეორეც გასატანი ჰქონდა და ბურთის ცენტრში წრაფად წაღება დააპირეს, მაგრამ „სპარტაკის“ პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ კოვალევსკიმ ასათიანთან ჩხუბი გააჩაღა და ყვითელ ბარათს გამოჰკრა ხელი.

დარჩენილ დროში „ლოკომოტივმა“ გამარჯვების გოლი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანდა, ვერ გაიტანა, ორივე გუნდმა 56-56 ქულით დაასრულეს სეზონი, მაგრამ „სპარტაკს“ უპირატესობა სეზონში მეტი მოგების გამო მიენიჭა.

ცნობისთვის, 2005 წლის სეზონი მალხაზ ასათიანის კარიერაში საუკეთესო იყო. რუსეთის პრემიერლიგაში 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანად სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მოედანზე 42-ჯერ გავიდა და მეტოქეები ექვსჯერ დაამწუხრა.

0.112873