სხვა

13:10 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ANOC-ის გენერალური ასამბლეა 2021 წლამდე გადავადდა

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გენერალური ასამბლეა, რომლისთვისაც წლეულს სეულს 25-26 ნოემბერს უნდა ემასპინძლა, COVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადავადდა.

ANOC-ის და კორეის სპორტის და ოლიმპიური კომიტეტის (KSOC) განცხადებით, გადავადება ერონული ოლიმპიური კომიტეტების და სხვა დაინტერესებული ოლიმპიური სამსახურების ინტერესებშია.

გენერალური ასამბლეის მასპინძელი კვლავაც სეული იქნება, ახალი თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ANOC-ის განცხადებით, წლეულს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან ახალი იდეების და მოსაზრებების გასახმოვანებლად ალტერნატიული გზებიც განიხილება.

„წლევანდელი გენერალური ასამბლეის ჩაშლით, რა თქმა უნდა, გაწბილებულები ვართ, მაგრამ გვჯერა, რომ მსოფლიოში შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კორეელ პარტნიორებს მათ მიერ გაწეული დიდი სამუშაოსთვის. კვლავაც ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას KSOC-თან. 2021 წელს სეულში მოუთმენლად ველით ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს," - განაცხადა ANOC-ის მოქმედმა პრეზიდენტმა რობინ მიტჩელმა.

კორეის სპორტის და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლი კი ჰეუს განმარტებით, ANOC-ის გენერალური ასამბლეის 2021 წლამდე გადავადება, დელეგატთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გათვალისწინებით, ერთობლივად გადაწყდა: „დიდი პატივია ANOC-ის გენერალურ ასამბლეას 2021 წელს ვუმასპინძლოთ სეულში. ყველაფერს ვიღონებთ უსაფრთხო და წარმატებული ღონისძიების მოსამზადებლად, სადაც 206 ეოკ-ი სპორტის მომავალზე იმსჯელებს."

geonoc.org.ge

0.131531