ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ახლა უკვე შოტლანდია - პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონი დასრულებულად გამოცხადდა.
შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ 30-ე ტურის შემდეგ სეზონი აღარ განახლდება და ჩემპიონატი დასრულებულია.
სატურნირო ცხრილი თითო თამაშის საშუალო ქულების მონაცემებით დადგინდა და შედეგად, „სელტიკს“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გადეცა. ეს „კელტთა“ ზედიზედ მეცხრე ჩემპიონობაა.
„სელტიკი“ უახლოეს მდევარ და მოძულე „რეინჯერს“ 13 ქულით უსწრებდა. სეზონის დასრულების გადაწყვეტილებას მხარი პრემიერლიგის 12-ვე გუნდმა ერთხმად დაუჭირა. გარდა ამისა, შოტლანდიაში სეზონი მეორე და მესამე დივიზიონებშიც დაასრულეს.