ფეხბურთი

13:47 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია "ლოკომოტივს" ტოვებს? რუსული მედია ტრანსფერზე ალაპარაკდა

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ შესაძლოა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს. როგორც რუსული გამოცემა Championat-ი იტყობინება, ქართველი ფეხბურთელით ადგილობრივი კლუბები არიან დაინტერესებული.

პრემიერლიგის ოთხეულში მყოფნი „როსტოვი“ და „კრასნოდარი“, აგრეთვე რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი „როტორი“, რომელიც პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.

გამოცემა სხვა დეტალებს არ ახმაურებს, მაგრამ შესაძლოა ეს ყველაფერი „ლოკომოტივიდან“ იური სიომინის წასვლას უკავშირდება, რომელსაც 1 ივნისიდან მარკო ნიკოლიჩი შეცვლის. სიომინი კვირკველიას და ზოგადად, ქართველების ნიჭის დიდი მოყვარული გახლდათ.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივს“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ მოსკოველთა რიგებში ჩატარებულ 106 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ჩვენებურმა „რკინიგზელთა“ მაისურით თითოჯერ რუსეთის ჩემპიონობა და სუპერთასი, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი მოიგო.

0.115318