ფეხბურთი

11:18 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მივიწყებული გოლი - ქინქლაძის შედევრი "დერბის" მაისურით "ლიდს იუნაიტედთან" (+VIDEO)

გიორგი ქინქლაძეზე არაერთი დაწერილა და თქმულა. იმაზე თუ რამდენად ნიჭიერი იყო, მაგრამ საუბედუროდ და სამწუხაროდ ვერ შეძლო საკუთარი თავის სრულად რეალიზება მწვანე მინდორზე.

„მანჩესტერ სიტიში“ გაბრწყინების შემდეგ გიორგიმ კარიერის აწყობა ამსტერდამის „აიაქსში“ სცადა, რაც არ გამოუვიდა და 1999 წელს ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა, ოღონდ არა „სიტის“, არამედ „დერბი ქაუნთის“ რიგებში.

ქინქი „დერბის“ მაისურით 4 სეზონი გაისარჯა, კარგი მატჩებიც ჰქონდა და ცუდიც, დასამხსოვრებელიც და ნაკლებად დასამახსოვრებელიც. მთლიანობაში ინგლისურ გუნდში 1999-2003 წლებში გიორგიმ 100 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა (აქედან პრემიერლიგაში 65 მატჩი, 3 გოლი).

ახლა 2000 წლის 23 სექტემბერს, „პრაიდ პარკზე“ გამართულ შეხვედრას გავიხსენებთ, რომელიც „დერბიმ“ ლეგენდარული „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართა და ქულას ჩვენებურის წყალობით გამორჩა. იორკშირელები 34-ე წუთზე იან ჰარტმა დააწინაურა, ხოლო ორ წუთში მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ჰორასიო სარბონარიმ ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და თანაგუნდელები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

გამოსავალი რომ არსაიდან ჩანდა „ქაუნთის“ თავკაცმა ჯიმ სმითმა 73-ე წუთზე მალკოლ ჩრისტის ნაცვლად თამაშში ქინქლაძე ჩართო. ქართველსაც სულ რაღაც ორიოდე წუთი დასჭირდა, რომ ქულა გადაერჩინა და გამოცდილ ნაიჯელ მარტინს შორეულ კუთხეში გაუტანა, ხოლო იქამდე მცველებს ჩვეულ სტილში ლამაზად დაუსხლტდა და დიდებული გოლი გაიტანა.

ცხადია, ინგლისელ ქომაგს რომ ჰკითხო, პირველი „მანჩესტერ სიტის“ რიგებიდან „საუთჰემპტონის“ კარში გატანილი არაამქვეყნიური გოლი გაახსენდება, მაგრამ არც ეს გოლი ყოფილა ჩვეულებრივი. სხვათა შორის, გიორგიმ ზუსტად იმ „ლიდსს“ და იმ სეზონში გაუტანა, როდესაც იორკშირელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. ქინქლაძის „დერბულ“ კარიერაში კი ეს გოლი და მომენტი უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია.

0.114043