ფეხბურთი

10:26 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორი თვის შემდეგ - "მეორე ეტაპი" იწყება და ფეხბურთი ბრუნდება!

Die Gelbe Wand – დორტმუნდის „ბორუსიას“ ლეგენდარული ყვითელი კედელი ტელეეკრანების წინ მიმოფანტულ ათასობით კუბიკებად გაიშლება. „შალკეთან“ დერბი განსხვავებული იქნება, სურეალური აკუსტიკური ფონი, მაგრამ დღეს მთავარი სხვა რამეა - ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთი ბრუნდება.

17:30 საათზე, ბრუნდება დიდი თამაშით. რურის დერბი ევროპული ფეხბურთის კლასიკაა. ერლინგ ჰოლანდი თინეიჯერი ბომბია, რომელმაც ბუნდესლიგაში პაუზამდე 9 გოლის გატანა მოასწრო და არ გაგვიკვირდეს, უჩვეულო პაუზით გამოწვეული სიჩუმეც გოლით რომ დაარღვიოს. მაგრამ ლუსიენ ფავრის „ბორუსიასაც“ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მტკივნეული მარცხი დასავიწყებელი აქვს. „ყვითლების“ შეტევა საშიშია, ჰოლანდის გარდა, ტორგან აზარი, ჯეიდონ სანჩო და კლუბის სიმბოლი მარკო როისი იქ არიან.

25 ტურის შემდეგ „დორტმუნდი“ მეორე ადგილზეა და „ბაიერნს“ 4 ქულით ჩამორჩება. ამ უკანასკნელმა ჰანს-დიტერ ფლიკის დანიშვნის შემდეგ გარდაქმნა მოახერხა და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნება შეძლო. „რეკორდმაისტერის“ ლიდერობას საფრთხე ამ ტურში „უნიონთან“ ბერლინში მარცხის შემთხვევაშიც არ დაემუქრება. მაგრამ ბავარიელთა აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ხუმრობის ხასიათზე არაა: „ჩვენი ჩემპიონატი პირველია, რომელიც თავიდან იწყება და მილიარდობით ტელემაყურებელი გვეყოლება“, - თქვა რუმენიგემ და მის ფეხბურთელებს კონცენტრაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ცხადია, „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა ჯერ კიდევ ღიაა და ლუდის თავზე დასხმის თუნდაც წარმოდგენა ჯერ ადრეა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ჩემპიონობისთვის ხუთი გუნდი იბრძვის. „ბაიერნსა“ და „ლევერკუზენს“ შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ 8 ქულაა. შუაში „ლაიფციგია“ მესამე ადგილზე, რომელსაც 32 წლის იულიან ნაგელსმანი წარმატებით ავარჯიშებს. ის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. „რედ ბული“ დღეს „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება. მეოთხე პოზიცია ამ ეტაპზე „გლადბახის“ ხელშია, რომელიც ამ უფეხბურთობის ჟამს ყველაზე მეტად საინტერესო იდეით გამოირჩა - უმაყურებლო სტადიონზე მუყაოს ყუთები.

გერმანია პირველი ქვეყანაა, სადაც შეწყვეტილ სეზონი განაახლებენ, პრემიერლიგიდან, ლა ლიგიდან და სერია A-დან უყურებენ ბუნდესლიგას და იმედოვნებენ, რომ თვითონაც მოახერხებენ რთული სიტუაციის მართვას. ცნობისთვის, თუ სეზონის მიმდინარეობისას რომელივე ფეხბურთელს ვირუსი დაუდასტურდება, კარანტინში გადავა, მაგრამ დანარჩენი გუნდი საქმიანობას გააგრძელებს. ეს სრულიად განსხვავდება იტალიაში მიღებული პროტოკოლისგან, სადაც ერთი ფეხბურთელის დაინფიცირებაც კი მთელი გუნდის იზოლირებას გამოიწვევს და ამის გამო ბევრი გუნდი ვარჯიშზეც უარს ამბობს. თუ ბუნდესლიგამ უკვე მოახერხა გადატვირთვა, ეს არის გერმანიის სრულყოფილი ორგანიზაციისა და უკეთესი ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის სტრუქტურის გამო სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მოტივი ფეხბურთის თამაშის მნიშვნელობაა. ლიგამ ამ პერიოდში არაერთხელ თქვა, რომ თუ სეზონი არ განახლდებოდა, ბევრი გუნდი გაკოტრდების წინაშე აღმოჩნდებოდა. ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ 90 წუთში თითოეულ გუნდს 5 შეცვლის გაკეთების უფლება ექნება, რაც კიდევ ერთი სიახლეა პოსტკორონავირუსულ ვითარებაში. 17:30 საათი - „მეორე ეტაპი“ ნამდვილად იწყება.

ბუნდესლიგა, XXVI ტური

შაბათი, 17:30 საათი

„დორტმუნდი“ – „შალკე“

„ლაიფციგი“ – „ფრაიბურგი“

„ჰოფენჰაიმი“ – „ჰერტა“

„დიუსელდორფი“ – „პადერბორნი“

„აუგსბურგი“ – „ვოლფსბურგი“

შაბათი 20:30 საათი

„აინტრახტი“ – „გლადბახი“

კვირა, 17:30 საათი

„კიოლნი“ – „მაინცი“

კვირა, 20:00 საათი

„უნიონი“ – „ბაიერნი“

ორშაბათი, 22:30 საათი

„ვერდერი“ – „ლევერკუზენი“

თეგებიბუნდესლიგა
0.141532