სხვა

15:38 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთი: მზადება მომავალი სეზონისთვის  

საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში მიმდინარეობს ინტენსიური მზადება მომავალი სეზონისთვის. ონლაინ რეჟიმში რეგულარულად იმართება სემინარები, ასევე შეხვედრები სახელბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან.

მომავალი, 2020-21 სეზონი ძალიან დატვირთული იქნება. სანაკრებო დონეზე, ქალთა და კაცთა ეროვნულ გუნდებს ევროპის მომავალი ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი აქვთ. გოგონათა ორ, 18 და 20-წლამდელთა გუნდს 2021 წლის ზაფხულში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები უწევთ. უკვე შეიქმნა 16-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები, რომელსაც 2021 წელს საერთაშორისო დებიუტი ექნება გეტებორგში, ევროპის ჩემპიონატზე. გარდა ამისა, 18 და 20-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრებების წლევანდელი ევროპირველობები ევროპის ხელბურთის ფედერაციამ 2021 წლის იანვარში გადაიტანა. ყველა ასაკობრივი ნაკრები ჯერჯერობით ონლაინ-რეჟიმში ვარჯიშობს, ინარჩუნებს ფიზიკურ კონდიციებს და ელოდება სპორტული აქტივობების განახლების ნებართვას. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ეს 6 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება შინაურ ასპარეზობებს: ფედერაციის ხელმძღვანელობა რეგულარულად ხვდება ქართული კლუბების მენეჯერებს და განიხილავს მომავალი სეზონის ფორმატს. ფედერაციის საშეჯიბრო კომისიამ (ვახტანგ ბერიაშვილი, მიხეილ კამლაძე) კლუბებს შესთავაზა უმაღლესი ლიგის კალენდრის ორი ვარიანტი. ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს ჩემპიონატის მიმოსვლითი სისტემით გამართვას, თამაშების ერთკვირიანი პერიოდულობით, რამაც უნდა დაარეგულიროს და უფრო ნაყოფიერი გახადოს კლუბების საწვრთნელ-სათამაშო ციკლი. პროექტს ამჟამად კლუბები განიხილავენ და თავიანთ შენიშვნებს ამზადებენ. კალენდარი მაისის ბოლოს უნდა დამტკიცდეს, ხოლო საქართველოს ჩემპიონატის დაწყება სექტემბერშია ნავარაუდები.

აქტიურად მუშაობს ფედერაციის მეთოდური კომისია. მერაბ მეტრეველისა და ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობითა და სპორტის უნივერსიტეტის აქტიური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს მწვრთნელთა სემინარი, რომელშიც მონაწილეობს 25 მწვრთნელი საქართველოს ყველა რეგიონიდან. პროგრამაშია 12 სხვადასხვა კურსი, რომელიც მოიცავს სპორტის ყველა ასპექტს - საერთო ფიზიკურ მომზადებას, საწვრთნელი ციკლის დაგეგმვას, სპორტსმენთა კვებას, ტრავმების პრევენციას, პედაგოგიკას, ფიზოოლოგიას, ანატომიასა და ფსიქოლოგიას, დოპინგის პრევენციას, ხელბურთის წესებსა და მსაჯობას...

ლექტორები არიან სპორტის უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია, გიორგი ზუბიტაშვილი, ქეთევან ქობალია, მერაბ მაისურაძე, ლიანა კაკიაშვილი, მანანა ქოჩაკიძე, ქეთევან ინასარიძე, ქეთევან ბერიძე, თემურ უკლება, ლევან გელაშვილი.

ქართველი მწვრთნელები მონაწილეობენ საერთაშორისო ონლაინ-მეცადინეობებში. ქალთა და გოგონათა ნაკრებების მენეჯერმა ლანა მარგიანმა და ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი გვაზავამ უკვე დაასრულეს ხელბურთის ექსპერტის, კლაუს ფელდმანის სემინარი, მაისის ბოლომდე კი მონაწილეობენ ევროპის ხელბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მრავალპროფილიან სწავლებაში.

მომავალი სეზონისთვის ემზადებიან მსაჯებიც. საერთაშორისო კატეგორიის დელეგატმა, ლევან გელაშვილმა უკვე გამართა ონლაინ-მეცადინეობის ერთი კურსი ქართველ მსაჯებთან და ერთიც უკვე დაგეგმილია. ამ კუთხით, ბოლო წლებთან შედარებით საგრძნობი პროგრესია: EHF მსაჯთა ოფიციალურ სიაში უკვე ორი ქართული წყვილია ახალგაზრდა მსაჯთა პროგრამით: ძმებ კევლიშვილებს (თბილისი), რომელთაც შარშან უკვე ჰქონდათ საერთაშორისო დებიუტი, დაემატა გ. გველესიანისა (წყალტუბო) და თ. ბჟალავას (ფოთი) წყვილი. მათ ზაფხულში უნდა ჰქონოდათ პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება, მაგრამ პანდემიის გამო დებუტი გადაიდო.

თეგებიხელბურთი
1.218079