ფეხბურთი

0:20 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თამაშგარე იყო" - ჩემპიონთა ლიგის ფინალი, აღიარება 4 წლის შემდეგ და გაბრაზებული "ატლეტიკო"

გამოცდილმა ინგლისელმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა Daily Mail-თან საუბარში 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომა აღიარა. კლატენბურგმა საჯაროდ თქვა, რომ 2016 წელს სერხიო რამოსის გოლი „ატლეტიკოს“ კარში შეცდომით ჩათვალა.

„მათ პირველი ტაიმი მოიგეს, სერხიო რამოსმა გაიტანა, მაგრამ აშკარა თამაშგარე მდგომარეობა იყო. ეს ძალიან რთული გახლდათ, მაგრამ მხოლოდ შესვენებაზე შევამჩნიე“, - თქვა კლატენბურგმა.

მეორე ნახევარში ინგლისელმა „სამეფო კლუბის“ კარში პენალტი დანიშნა, რასაც მადრიდელთა პორტუგალიელი მცველი პეპე აპროტესტებდა. კლატენბურგი იხსენებს, რა უპასუხა გამოცდილ მცველს:

„მე ჩაგითვალეთ თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი“, - დასძინა არბიტრმა.

აღსანიშნავია, რომ 4 წლის შემდეგ ინგლისელი მსაჯის აღიარებას ტვიტერში „ატლეტიკო“ გამოეხმაურა, ესპანური გაზეთების პირველი გვერდების ფოტოები გამოაქვეყნა და ჩაფიქრებული სმაილით დაასათაურა.

შეგახსენებთ, 2016 წელს „სან სიროზე“ გამართული ფინალი ფრედ 1:1 დასრულდა და „რეალმა“ საბოლოოდ გამარჯვება პენალტების სერიაში მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116822