ფეხბურთი

16:58 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბახჩე?" რატომაც არა! - შოთა არველაძემ გულშემატკივრებს უპასუხა

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ თურქული ვებგვერდის asistanaliz.com-ის მეშვეობით ადგილობრივი გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

შოთას ჰკითხეს დათანხმდებოდა თუ არა სტამბოლის „ფენერბახჩეს“ გაწვრთნას, რაზეც ქართველმა დადებითი პასუხი გასცა.

- ბევრი კამათობს უნდა განახლდეს თუ არა სეზონი. თქვენ როგორ ფიქრობთ უნდა დასრულდეს თურქეთის სუპერლიგა?

- ყველაზე მარტივი გამოსავალი სეზონის დასრულებულად გამოცხადებაა, ვიტყვით, რომ დასრულდა. მაგრამ შემდეგ რა იქნება? მსოფლიოში უკვე დგამენ შესაბამის ნაბიჯებს, ფეხბურთის თამაშს იწყებენ გერმანიაში. ან რა იქნება მომავალში თუ ვირუსი ისევ იარსებებს? გამოდის, ფეხბურთი აღარ უნდა ვითამაშოთ? ვფიქრობ, შესაძლებელია თამაში გარკვეული რეგულაციების დაცვით და პროტოკოლით. ნათელი მაგალითი სამხრეთ კორეაა, ბელარუსში მანამდეც თამაშობდნენ, გერმანიაში იწყებენ. ჩვენ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწვალოთ.

- უზბეკეთზე მინდა გკითხოთ. 2019 წელს დუბლი შეასრულეთ „ფახთაქორში“, გილოცავთ. ახალი სეზონის მხრივ რა მდგომარეობაა?

- აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დავიწყეთ თამაში, ჯერ ირანის და შემდეგ არაბეთის გაერთიანებული საამიეროების გუნდთან ვითამაშეთ და ორივე მოვიგეთ. შემდეგი თამაში „ალ-ჰილალთან“ გვქონდა, სადაც ბაფეტიმბი გომისი თამაშობს, მაგრამ ვირუსის გამო გადაიდო. ყველა ველოდებით უზბეკეთის ჩემპიონატის განახლებას, იქ დიდი შემთხვევები არაა. 35-მილიონიან ქვეყანაში, 2000-2500 შემთხვევაა. საქართველოც წარმატებით ებრძვის ვირუსს და დაახლოებით 600 დაინფიცირებულია, მათ შორის ნახევარი გამოჯანმრთელდა, მინდა ყველა ექიმის მიმართ ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო.

- „ტრაბზონსფორში“ არაერთმა სახელოვანმა ფეხბურთელმა ითამაშა, სტარიჯი, მალუდა, მაგრამ თქვენს შედეგბთან ახლოს ვერ მივიდნენ. ახლა ალექსანდერ სორლოთი არის ახლოს და რეკორდმანდე 7 გოლი აშორებს. როგორ ფიქრობთ დაამხობს?

- რეკორდები დასამხობადაა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და ნამდვილად არ ვადევნებდი თვალს ამას. გუნდი კარგად თამაშობს და სორლოთიც ახერხებს გოლების გატანას, მაგრამ მთავარია ტიტულები მოიგოს. მეც ვისურვებდი, რომ ჩემპიონობა მომეგო და არა ბომბარდირის ტიტული. ახლა სორლოთს ორივეს შანსი აქვს და იმედი მაქვს, რომ ორივეს შეძლებს. თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, მირჩევნია ჩემპიონი გახდეს.

- ტრაბზონის საინტერესო მოგონებები რომ გაიხსენოთ...

- ტრაბზონში რამდენიმე კვირის ჩასული ვიყავით, როდესაც აეროპორტში ერთი კაცი მოგვიახლოვდა და გვითხრა: ინგლისურად საუბრობ? ვუპასუხეთ, რომ კი. შემდეგ მან თქვა: არჩილ-შოთა და წავიდა. მისი ინგლისური სულ ეს იყო (იცინის).

- თურქეთთან ახლაც მჭიდროდ ხართ დაკავშირებული, როგორია თქვენი კარიერის გეგმები?

- ჩემი ოჯახი სტამბოლში ცხოვრობს. „ქასიმპაშას“ პრეზიდენტთან დღემდე თბილი ურთიერთობა მაქვს და დიდ პატივს ვცემ. ოფიციალური წინადადება თურქეთიდან არ მაქვს, უზბეკეთში ვმუშაობ. მქონდა შეთავაზებები არაბეთიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, მაგრამ წასვლა არ შემეძლო, რადგან სეზონი მიმდინარეობდა და 3 ტიტული მოვიგეთ.

- ვინმეს გაძნელებია თქვენი და არჩილის გარჩევა?

- დიახ, ბევრი იყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ ახლა აღარ, რადგან არჩილმა წონაში მოიმატა და იმდენად აღარ მგავს.

- თურქეთში დიდ პატივს გცემენ იმიტომ, რომ თურქული ენა კარგად იცით. ჩვენ ვიცით აქ ფეხბურთელები, რომლებიც წლებია თამაშობენ, მაგრამ 5 სიტყვის გადაბმა არ შეუძლიათ...

- 1993 წელს ჩამოვედი თურქეთში და თავიდან რა თქმა უნდა გამიჭირდა. თუმცა, ნელ-ნელა ვისწავლე და როდესაც მწვრთნელის რანგში „ქაისერში“ დავბრუნდი, კიდევ უფრო გავაუმჯობესე ჩემი თურქული. ჩემი ოჯახის წევრებმაც იციან, რადგან აქ უკვე 10 წელია ცხოვრობენ.

- მართალია, რომ ერმან ტოროღლუმ შეგამჩნიათ „დინამო“ – „ლინფილდის“ მატჩში და „ტრაბზონსფორს“ ურჩია თქვენი შეძენა?

- მართალია. მან კარგად ისაუბრა ჩვენს შესახებ და კარგი სკაუტი იყო.

- რონალდუ თუ მესი?

- ამ კითხვას პასუხის გაცემა სჭირდება? პასუხი ხომ აშკარაა... მესი გენიაა.

- „აიაქსში“ წასვლა გინდათ?

- დიახ, რა თქმა უნდა.

- ჰაჯი თუ ალექსი?

- ვფიქრობ, რომ ჰაჯი. ის მსოფლიოს მასშტაბის ფეხბურთელი იყო და არამხოლოდ თურქეთში. ალექსი შესანიშნავი გახლდათ, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით არც ისე წარმატებული. ჰაჯიმ კი „ბარსელონაში“, „რეალში“ და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. მგონია, რომ ჰაჯი უფრო დიდია, რადგან ამ კრიტერიუმებით განვიხილავ.

- „ტრაბზონსფორის“ საუკეთესო ფეხბურთელი ვინ იყო თქვენს პერიოდში?

- მაღალი დონის გუნდი იყო. ჰამი, ოგიუნი, აბდულა, იუნალი, ძალიან ნიჭიერები იყვნენ. ფათიჰ თეკე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ შესანიშნავი მოთამაშე გახდებოდა. თოლუნაი, ორჰანი, ლემი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

- „ფენერბახჩედან“ წინადადება რომ მიიღოთ, მთავარ მწვრთნელად წახვიდოდით?

- რატომაც არა? მტრის გუნდია? ვფიქრობ, რომ იგივე ქვეყნის გუნდია.

- ენტონი ნვაკაემეს შეძენა „ტრაბზონს“ თქვენ ურჩიეთ?

- პრეზიდენტმა აღაოღლუმ დამირეკა და ჩემი აზრი დავაფიქსირე, ვუთხარი, რომ კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა.

0.162592