ფეხბურთი

18:13 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემს თავს ვუთხარი, რომ მის ნაბიჯს დაველოდებოდი" - შევჩენკომ თავისი კარიერის ეპიკური მომენტი აღწერა

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ინსტაგრამში იტალიელ ჟურნალისტ კარლო პელეგატის ესაუბრა და „მილანში“ გატარებული მომენტები გაიხსენა.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა არ დამალა რომ მისი მიზანი „მილანის“ მთავარი მწვრთნელობაა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ უკრაინის ნაკრებზეა კონცენტრირებული.

პენალტი მანჩესტერში

ყველაფერი იმ 30 მეტრის გავლის დროს გავიფიქრე. რამდენიმე დღის წინ ვნახე ამ პენალტის ვიდეო და დავინახე ჩემს ზურგს უკან თანაგუნდელები, რომლებიც ელოდებიან ჩემს დარტყმას. ბურთის გასწორებამდე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ბუფონის ნაბიჯს დაველოდებოდი და ასეც მოვიქეცი. მსაჯის სასტვენს ველოდი, მაგრამ არც გამიგია, რადგან სტადიონზე ხმაური იყო, თუმცა გონებაში მზად ვიყავი.

ლობანოვსკი და ანჩელოტი

ეს არის ორი მწვრთნელი, რომლებმაც ფეხბურთში ყველაზე მეტი მომცეს. ლობანოვსკისთან შრომის კულტურა ვისწავლე, ძალიან ბევრი რამ მასწვალა და საერთოდ, ჩვენმა თაობამ მისგან ბევრი ისწავლა. როდესაც „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, თასი მის ქანდაკებასთან მივიტანე, ის ყოველთვის ოცნებობდა ამ პრიზის მოგებაზე. ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომელთანაც ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე, მან იცოდა ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობის დამყარება, გუნდში წარმოუდგენელი ატმოსფერო შექმნა. ასევე მადლობა გალიანის, რომელმაც ბერლუსკონისთან ერთად შესანიშნავი „მილანი“ ააშენა.

დუდეკის სეივი სტამბოლში

ეს დღემდე მაგიჟებს. პენალტი მე გავაფუჭე, მაგრამ ახლაც არ მესმის თამაშის დროს იმ მომენტში ბურთი კარში როგორ არ შევიდა. დღესაც არ მინდა იმ მომენტის შეხედვა.

ყველაზე ლამაზი გოლი

ბევრი ლამაზი გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გოლები, რომლებიც ისტორიაში შევიდა. მაგალითად, „ინტერთან“ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გატანილი, ან ევროპის სუპერთასზე „პორტუსთან“ თავური. სილამაზით 2005 წელს „ინტერთან“ გატანილ გოლს გამოვყოფ, თან იმ „ინტერში“ შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ.

„მილანის“ მწვრთნელობა

მინდა ერთ დღეს მწვრთნელის რანგში დავბრუნდე. „მილანი“ ყოველთვის ჩემს გულშია, დიდი სიყვარული მაქვს გულშემატკივრების მიმართ. ვნახოთ როდის და საერთოდ თუ მოხდება ეს, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მიზანი „როსონერიში“ დაბრუნებაა. ახლა კი მხოლოდ უკრაინის ნაკრებზე ვფიქრობ.

0.111751