გერმანიაში საფეხბურთო სეზონის დასაწყებად ემზადებიან და კორონავირუსის უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვა მოუწევთ.
ამასობაში „ჰოფენჰაიმის“ ექიმი თომას ფროლიხი მეტად უცნაური ინიციატივით გამოვიდა. როგორც Sportarztezeitung- იტყობინება, „სოფლელების“ მედიკოსის იდეაა, რომ კუთხურები და სტანდარტული მდგომარეობების დროს ჩაწოდება აიკრძალოს.
ფროლიხის იდეა ფეხბურთელებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანას ეფუძნება. მისი აზრით, კუთხურები საერთოდ უნდა გაუქმდეს, ხოლო ჯარიმების დროს დასაშვები მხოლოდ პირდაპირ კარში დარტყმა უნდა იყოს.
„ჰოფენჰაიმის“ ექიმის ინიციატივა საკმაოდ უცნაურია, რადგან მისი რეკომენდაცია რომც გაითვალისწინონ, ფეხბურთელებს კონტაქტი ჩვეულებრივად თამაშის დროს მაინც მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგა 16 მაისს განახლდება და თამაშები უმაყურებლოდ ჩატარდება.