საქართველოს ნაკრებს სამწუხაროდ ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დღემდე არ უთამაშია. ახლა გვაქვს ერთა ლიგიდან უნიკალური შანსი, მაგრამ ამაზე სხვა დროს. მანამდე განვლილი შესარჩევი ეტაპების შესახებ მივიქცევთ თქვენს ყურადღებას.
სამწუხაროდ და საუბედუროდ, თითქმის ყველა საკვალიფიკაციო ეტაპმა ისე ჩაიარა, „ჯვაროსნებს“ რეალურად არასდროს უბრძოლიათ ფინალური ეტაპის საგზურისთვის და ცალკეული გამონათებებით თუ გვახარებდა.
ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სხვისთვის დაუდია ფეხი, რამაც ჩვენი იმდროინდელი მეტოქეთა ვითარება ერთი-ორად გაართულა. სწორედ ასეთ ეპიზოდებს გავიხსენებთ, დღევანდელ წერილში.
1998 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი - იტალია
მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლი საქართველოს ნაკრების კონტინენტის ორ ბუმბერაზ წარმომადგენელთან, იტალიასთან და ინგლისთან ერთად მოხვდა. საქართველოს ჰქონდა იმ შესარჩევში ცალკეული პოზიტიური მატჩები, მაგრამ საბოლოოდ 10 ქულით მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან ერთად გაიყო.
ფინალურ ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა, ხოლო მეორე პოზიცია პლეი-ოფის საგზურს იძლეოდა და იქ რა მოხდებოდა, კაცმა არ იცოდა. ინგლისმა მაშინ ქულები მხოლოდ იტალიასთან დაკარგა (0:1, 0:0), ხოლო იტალიამ იმის მიუხედავად, რომ უშუალო კონკურენტთან 4 ქულა მოიპოვა, მთელ შესარჩევში არ წაუგია და კინკილა გოლი გაუშვა, მაინც ვერ შეძლო პირველი ადგილის დაკავება და პლეი-ოფის გზით მოუწია საფრანგეთის მუნდიალზე გასვლა.
იტალიელები ჯგუფს დიდი ხანი ლიდერობდნენ, მხოლოდ შესარჩევი ციკლი ბოლოსწინა ტურში გადაასწრო ინგლისმა. 1997 წლის 10 სექტემბერს, „სკუადრა აძურა“ თბილისს ჯგუფის ლიდერის რანგში ეწვია, მაგრამ საქართველოსთან დაგეგმილი გამარჯვება ვერ მოიპოვა უგოლო ფრეს დასჯერდა და ეს გადამწყვეტი გამოდგა. ერთ თვეში იტალიას რომში ინგლისთან აუცილებლად უნდა მოეგო პირველი ადგილისთვის, რაც ვერ შეძლო (ისევ 0:0) და მეტოქეს კინკილა ქულით ჩამორჩა. შედეგად, ბოლოსწინა ტურში თბილისში ორი ქულა რომ არ დაეტოვებინა, ჯგუფში უსათუოდ ილიდერებდა. საბოლოოდ, ჩეზარე მალდინის გუნდმა პლეი-ოფში გადაინაცვლა, სადაც რუსეთს ორი მატჩის ჯამში (1:1, 1:0) აჯობა და მსოფლიო ჩემპიონატზე თბილისში დაცდენილი ფეხის გამო გართულებული და სანერვიულო გზით მოხვდა.
ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპი - რუსეთი
მთლად ასე დრამატულად, ბოლოსწინა ტურში და ლიდერობის დაკარგვად არ დაჯდომია, მაგრამ საბოლოო ჯამში შესარჩევ ეტაპს თუ გადავხედავთ, რუსეთის ნაკრებს თბილისში წაგება ძალიან ძვირად დაუჯდა.
2003 წლის 30 აპრილს, „მიხეილ მესხზე“ რუსებს დავუხვდით და დასაწყისშივე მალხაზ ასათიანის გოლით ვძლიეთ. ეს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა დღემდე დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში.
იმ კონკრეტულ შესარჩევ ციკლში საქმე ისე წარიმართა, რომ პირველ ადგილზე შვეიცარია 15 ქულით გავიდა, ხოლო რუსეთი მას კვალში ამოუდგა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა. ასე, რომ თბილისში რომ ემარჯვა, ან თუნდაც ფრე ეთამაშა (თანაბარ ქულებზე რუსეთი გავიდოდა, რადგან შვეიცარიასთან პირად შეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა) პირველ ადგილს დაიკავებდა და პლეი-ოფს თავს აარიდებდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ მათ მხოლოდ ორი თამაში წააგეს, ერთი თბილისში და მეორე მანამდე ერთი თვით ადრე ალბანეთში. საბოლოოდ, როგორც იტალიის შემთხვევაში, რუსეთმაც მოახერხა პლეი-ოფში წარმატებით თამაში, უელსს აჯობა (0:0, 1:0) და ევრო 2004-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. თუმცა საქართველოში დაკარგულმა ქულებმა რუსების გზა პორტუგალიამდე მეტი დაბრკოლებით აავსო.
ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპი - შოტლანდია
ევრო 2008-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველო ნამდვილად სიკვდილის ჯგუფში მოხვდა. იმხანად ბოლო მუნდიალის ტრიუმფატორი (იტალია), ფინალისტი (საფრანგეთი), მეოთხედფინალისტი (უკრაინა) და პატივმოყვარე შოტლანდია. ამის მიუხედავად, შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ჯგუფიდან გასვლის შანსს საუბარი მართლაც სერიოზულად მიდიოდა.
საბოლოოდ, საქართველომ ვერ შეძლო საკუთარ თავზე გადახტომა და ხსენებულ კონკურენციაში ჯგუფიდან გასვლა (10 ქულა და ბოლოსწინა ადგილი), მაგრამ სხვას კი გაუმწარა ცხოვრება. ალექს მაკლიშის შოტლანდია ამ ჯგუფის მთავარი სიურპრიზი გამოდგა და საფრანგეთს ორჯერ მოუგო, ჯერ გლაზგოში და შემდეგ პარიზში (ორჯერვე 1:0). სქოთებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრის რეალური შანსი გააჩნდათ, რადგან შესარჩევიდან ორი გუნდი პირდაპირ გადიოდა ფინალურ ეტაპზე და მის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 8 გამარჯვებით და 2 მარცხით (იტალიასთან და უკრაინასთან) ლიდერები იყვნენ. სწორედ ლიდერის რანგში ესტუმრა თბილისს შოტლანდიის ნაკრები 2007 წლის 17 ოქტომბერს და გამარჯვება პრაქტიკულად ევრო 2008-ის საგზურს უდრიდა. თუმცა, ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობდით, ლევან მჭედლიძისა და დავით სირაძის თითო ტაიმში გატანილი უპასუხო გოლებით 2:0 მოვიგეთ! შედეგად, შოტლანდიამ ლიდერობა დაკარგა, ბოლო ტურში შინ იტალიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატის კარი ცხვირწინ დაეხურა. სატურნირო ცხრილს რომ ჩავხედოთ, მეორეადგილოსან საფრანგეთს სქოთები მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩნენ და თბილისში რომ მოეგოთ, ევრო 2008-ზე ითამაშებდნენ, მაგრამ აქ დატოვებული სამი ქულა მეტისმეტად დაუფასდა!
ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპი - შოტლანდია
შოტლანდიის ნაკრებს ჩვენი დედაქალაქის და საქართველოს ნაკრების გაგოგნებაზე ალბათ ტანში ჟრუანტელი უნდა უვლიდეს. წინა ისტორიასთან შედარებით ნაკლებ დრამასთან გვაქვს საქმე, მაგრამ შოტლანდია თბილისში 2015 წლის 4 სექტემბერსაც დავამარცხეთ. ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა.
ჯგუფიდან ორი გუნდი პირდაპირ გადიოდა, ხოლო მესამე პოზიცია პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლეოდა. საქართველომ 9 ქულით მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, მაგრამ შოტლანდიას შესარჩევი ეტაპის შუაში თბილისში დაკარგული 3 ქულა დააკლდა. სქოთებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს და მესამეადგილოსან ირლანდიას, რომელიც პლეი-ოფში გავიდა და შემდეგ იქიდან მოიპოვა ევრო 2016-ის საგზური, სწორედ 3 ქულით ჩამორჩა.
2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი - ირლანდია
ირლანდია ის ნაკრებია, რომლის გაგონება არც გვინდა, მაგრამ ერთი მწარე ალიყური მაინც ვაგემეთ. 2018 წლის მუნდიალზე გასასვლელად კელტები ქუდ-მოგლეჯილი იბრძოდნენ, მაგრამ 2017 წლის 2 სექტემბერს, თბილისში მნიშვნელოვანი ქულები დავაკარგინეთ. შეინ დაფის სწრაფ გოლს ტაიმის ბოლოსკენ ვაკო ყაზაიშვილმა უპასუხა - 1:1.
ირლანდიას სიტუაცია ამ მატჩის მერე უფრო დაუმძიმდა, როდესაც უშუალოდ კონკრენტ სერბეთთან 0:1 წააგო და უფრო მეტად სწორედ ამ მარცხის გამო ვერ დაიკავა პირველი ადგილი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სერბეთს ირლანდია ორი ქულით ჩამორჩა, ორი ქულა, რომელიც თბილისში დატოვა. კელტები მეორე ადგილზე და პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც დანიასთან ვერაფერი გააწყვეს (0:0, 1:5) და მუნდიალის ნაცვლად საზაფხულო შვებულებაში წავიდნენ.