საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ მოასწრო, ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა აიყვანა. ბასკონიური პროექტის პროდუქტმა ანდრონიკაშვილმა, რომელმაც გასული სეზონი ბერძნულ პანიონიოსში დაიწყო და სუპერლიგურ რუსთავში დაასრულა, კარიერას ოკეანგაღმა, კრეიტონის უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.
რატი ანდრონიკაშვილი საკალათბურთო აკადემიის აღზრდილია, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური “სასკი ბასკონიას” ერთობლივ პროექტში მოხვდა. როგორც პერსპექტიული კალათბურთელი, ანდრონიკაშვილი “ბასკონიას” ყოველწლიურ თბილისურ კემპში მიიწვიეს და საბოლოოდ ის ესპანეთში, აღნიშნულ კლუბში აღმოჩნდა. ბასკონიაში რატიმ 2 წელი გაატარა, რის შემდეგაც რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ახლა კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპს მიადგა. ამერიკულმა მედია-მონსტრმა ESPN-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია ანდრონიკაშვილის კრეიტონში გადასვლის თაობაზე. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული პროგრამის მქონე უნივერსიტეტმა თანხმობა განაცხადა ქართველი უკანახაზელის სწავლის სრულ დაფინანსებაზე (scholarship), რაც ცხადია იმიტომ გააკეთა, რომ საკალათბურთო გუნდში (Creighton Bluejays) ათამაშოს.
თუ კიდევ ერთმა პერსპექტიულმა ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა წლევანდელი ნბა-ს დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ის და რატი ანდრონიკაშვილი Big East-ის კონფერენციაში მთავარი კონკურენტები იქნებიან. მამუკელაშვილი “სეტონ ჰოლის” ლიდერთაგანია და ვერდასრულებულ Big East-ის კონფერენციაში მისმა გუნდმა “კრეიტონთან” ერთად რეგულარული ჩემპიონატი მოიგო. ამ გუნდებმა კიდევ ერთ სტუდენტურ მონსტრ “ვილანოვასთან” ერთად Big East-ში 13 მოგება და 5 მარცხი მოაგროვეს და როგორც ამერიკის სტუდენტურ ლიგებში სჩვევიათ, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული სამივემ მიიღო. ურთიერთშეხვედრებმა მხოლოდ ის გაარკვია, რომ პლეი ოფში ეს 3 გუნდი შემდეგნაირად განითესებოდნენ: ვილანოვა, კრეიტონი და სეტონ ჰოლი. თუმცა, როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე როგორც ყველა სპორტული ღონისძიება, ამერიკის სტუდენტური ლიგაც შეწყდა. საბოლოო მონაცემებით, კრეიტონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფებოდა, რაც წარმოუდგენლად მაღალი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ NCAA-ის 32 კონფერენციაში მთლიანობაში 480-ამდე გუნდი მონაწილეობს.
კრეიტონში გადასვლის შესახებ კომენტარისთვის ESPN-ი რატი ანდრონიკაშვილს დაუკავშირდა:
"კრეიტონს მანამდე კარგა ხნით ადრე ვიცნობდი, სანამ დამირეკავდნენ. მომწონს ამ გუნდის თამაშის სტილი. მათ დიდებული საკალათბურთო პროგრამა აქვთ. ამ უნივერისტეტის მწვრთნელები მე ყველა დანარჩენზე უკეთესად მიცნობენ და მათ მართლაც ესმით ჩემი კალათბურთის. ასისტენტ ალან ჰუსს ბევრი ჩემი თამაში უნახავს, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა გრეგ მაკდერმოტმა იცის ჩემი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ყოველთვის მინდოდა ისეთ მწვრთნელთან მეთამაშა, რომელიც ყოველმხრივ კარგად გიცნობს და იცის, როგორ მოგამატებინოს როგორც ძალა, ისე თამაშის ხარისხი. ისინი მირეკავდნენ თითქმის ყოველდღე და მეკითხებოდნენ არა მხოლოდ კალათბურთზე, არამედ – ოჯახზეც. ეს კი ნიშნავს, რომ მათ მართლაც გული შესტკივათ ჩემზე".
ამერიკული მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მცირე ასაკის მიუხედავად, ანდრონიკავშილს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სოლიდური გამოცდილება აქვს, რაც ასაკობრივ ნაკრებებში მისი შედეგიანობის და გამორჩეული ნიჭის წყალობით არის განპირობებული.
"საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი გამოცდილებაა – აგრძელებს რატი ESPN-თან საუბარს – იმ კალათბურთელებთან მოედანზე დაპირისპირება, რომელთაგან ზოგი ნბა-ში, ზოგიც ევროლიგაში თამაშობს, დიდად დამეხმარა დახვეწაში. NCAA-ში მე არ ვიქნები ტიპიური ახალბედა, რადგან საკმაოდ ბევრი მაქვს უმაღლეს დონეზე, ზრდასრული კალათბურთელების წინააღმდეგ ნათამაშები".
ESPN-ი აღნიშნავს, რომ ანდრონიკაშვილს ფიბა-ს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში 50-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია, რომელთაგან განსაკუთრებით ღირებულია თებერვალში გამართული ბოლო 2 შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 18 წლის კალათბურთელმა (19-ის 19 მარტს გახდა) ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო მატჩებში ჯამში 15 ქულა ჩაუგდო საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან ძლეულ მეტოქეებს – შვეიცარიას და სერბეთს.
ანდრონიკაშვილის თვისებებიდან ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ახალგაზრდა კალათბურთელი კომბო-მცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირი წარმატებით შეუძლია უკანა ხაზში არსებულ ორივე პოზიციაზე – გამთამაშებლად და მსროლელად თამაში. ESPN-ის სპეციალისტი ჯონათან ჯივონი აღნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი გამორჩეულად კრეატიულია, დახვეწილი ალღოთი და ბურთის ფლობის მაღალი ტექნიკით. ის არ კარგავს ორიენტაციას და ინსტინქტებს არც ნელი და არც სწრაფი თამაშის დროს. კარგად ეგუება სხვადასხვა სათამაშო სისტემას, გამორჩეულად კი პიკ-ენ-როლს.
კრეიტონმა წლეულს სოლიდური დანაკლისი განიცადა. უნივერსიტეტი და შესაბამისად NCAA-ში თამაში დაასრულეს გუნდის ორმა წამყვანმა უკანახაზელმა – ტაიშონ ალექსანდერმა და დევიონ მინცმა. ორივე მათგანი ივნისში გასამართ ნბა-ს დრაფტზე დგას და კარიერასაც დიდი ალბათობით მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში გააგრძელებენ. ანდრონიკაშვილი კრეიტონელთა მეორე ახალწვეულია. ცოტა ხნით ადრე გრეგ მაკდერმოტმა გუნდში აიყვანა ახალგაზრდა ლიტველი ფორვარდი მოდესტას კანცლერისი.
ESPN-თან საუბარს ანდრონიკაშვილი ასე ასრულებს:
"გუნდში ჩემი როლი ის იქნება, რასაც მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩემი მიზანი ვარჯიში და თამაშებში შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენაა. როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდს დავეხმარო. კრეიტონის თამაშის სტილი ძალიან სწრაფი და დინამიურია. მათ უყვართ ბევრი სამქულიანების სროლა. მწვრთნელი კალათბურთელებს თავისუფლებას აძლევს და ენდობა, რომ ისინი მოედანზე საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ხანდახან მოედანზე ნელა გადავაადგილდები და ისეთ პასებს გავცემ, ზოგიერთ მწვრთნელს ეს არ მოსწონს. არადა, მე მიყვარს სწრაფი თამაში და გახსნილი თანაგუნდელების პასებით მომარაგება. ასე რომ, ვფიქრობ, ახალ გუნდს კარგად მოვერგები".
GBF.GE