გენუის „სამპდორიაში“ კორონავირუსის დაინფიცირების რეციდივი დაფიქსირდა. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ცოტა ხნის წინ განიკურნა, ტესტზე ისევ დადებითია.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა - გამოვლინდა სამი ახალი შემთხვევაც, ყველა შემთხვევაში დაინფიცირებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი ვინაობა არ დასახელებულა.
„სამპდორია“ გაცნობებთ, რომ ტესტების ჩატარების შედეგად, რომელსაც ფეხბურთელები ექვემდებარებოდნენ, კორონავირუსის სამი ახალი და ერთი რეციდივის შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი უსიმპტომოა და კარანტინში მოვათავსეთ. ისინი მუდმივად შემოწმდებიან პროტოკოლის შესაბამისად“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მარტში „სამპდორიას“ 7 ფეხბურთელი, გაბიადინი, ტორსბი, ბერეშჟინსკი, დეპაოლი, კოლი, ეკდალი და ლა გუმინა, ასევე ექიმი ამადეო ბალდარი იყვნენ დაინფიცირებულნი. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გამოჯანმრთელების შემდეგ ხელმეორედ დაინფიცირდა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ფლორენციის „ფიორენტინაში“ კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა და მათ შორის სამი ფეხბურთელია.