ევრო 1996-ის შესარჩევი ეტაპი პირველია, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო. რაც უნდა პარადოქსული იყოს, იმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგი დღემდე საუკეთესოა ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის - 15 ქულა და მესამე ადგილი (ასევე მესამე ადგილი დავიკავეთ 2002 წლის მუნდიალის შესარჩევში, თუმცა ქულები ნაკლები გვქონდა).
უელსთან თბილისში 5:0 და 1994 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტ ბულგარეთთან 2:1 გამარჯვება მაშინდელი შესარჩევი ეტაპიდან ყველაზე დასამახსოვრებელია.
თუმცა, არც 1995 წლის 7 ივნისს, კარდიფში, უელსის ნაკრების მეორედ ძლევას მოეძებნება წუნი. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქინქლაძემ 73-ე წუთზე გაიტანა. მაგრამ, გოლსაც ხომ გააჩნია?! „ქინქიმ“ საჯარიმოს მისადგომებიდან ნევილ საუთჰოლს თავზე ბურთი დაუჯერებელი სიზუსტით და სილამაზით გადაავლო...
ამავე მატჩში მასპინძლებს 28-ე წუთზე ვინი ჯონსი გაუძევეს, რომელიც განთქმული იყო ზღვარგადასული უხეშობით და არც საქართველოსთან „შეურცხვენია თავი“. დიახ ის ვინი ჯონსი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჰოლივუდის მსახიობი რომ გახდა.