ლევან კობიაშვილს საფეხბურთო კარიერაში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია, საქართველოს ნაკრებიდან დაწყებული ბერლინის „ჰერტათი“ დასრულებული. თუმცა, ალბათ საუკეთესო პერიოდი მაინც გელზენკირხენის „შალკეში“ ედგა, რომლის ღირსებას 2003-2010 წლებში იცავდა და ბოლო ნაწილს თუ არ ჩავთვლით, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო.
გოლები ბუნდესლიგაში, გოლები ოლივერ კანის კარში, ჯარიმა იენს ლემანის კარში, ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე და ბევრი სხვა. თუმცა, ახლა სხვა თამაშს და უფრო კონკრეტულად სხვა გოლს გავიხსენებთ, რომელიც შესაძლოა ბევრს აღარც ახსოვს.
უეფას თასზე, 2004-2005 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 21 ოქტომბერს, „ხუმარებმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ უმასპინძლეს და ქულა გაუყვეს - 1:1. ანგარიში კი გერმანელებმა მერვე წუთზე გახსნეს. კობიაშვილმა ბურთი მოედნის სიღრმეში მიიღო, ორ ვიზავის გასცდა და დაახლოებით 25-30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით პასკალ ცუბერბიულერის კარის ცხრიანი დალაშქრა. ფანტასტიკური გოლი გამოვიდა. იმ სეზონში ლევანმა უეფას თასზე სამი გოლი გაიტანა (საკვალიფიკაციო ეტაპზე „მეტალურგსთან“, ჯგუფში „ბაზელთან“ და „ფერენცვაროშთან“), ხოლო „შალკე“ 1/16 ფინალამდე მივიდა, სადაც დონეცკის „შახტართან“ წააგო (1:1, 0:1).
მთლიანობაში, ლევანმა უშუალოდ უეფას თასზე კარიერაში 34 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. აწ ხსენებული 3 გოლის გარდა, 2005-2006 წლების სეზონში „პალერმო“, ხოლო 2001-2002 წლების სეზონში ჯერ კიდევ „ფრაიბურგის“ მაისურით მომავალი ჩემპიონი „ფეიენოორდი“ დაამწუხრა.