ფეხბურთი

15:43 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: რონალდინიო-მესის გიჟური კომბინაცია და ლეოს სადებიუტო გოლი "ბარსელონაში!" (+VIDEO)

1, 2, 10, 100, 200, 627... ლეო მესის წარმოუდგენელი ისტორია, უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში. ათწლეულები იმსჯელებენ იმაზე იყო თუ არა მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ამავდროულად, განურჩევლად იმისა, მოგწონს თუ არა არგენტინელი, ფეხბურთის საუკუნოვან ისტორიაში ათეულში ნამდვილად შედის და ბევრისთვის პირველიცაა. 15 წლის წინ ლეგენდის ლეგენდარული ამბავი დაიწყო.

2005 წლის 1 მაისი იყო, როდესაც ლეომ „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 627 გატანილი გოლიდან სადებიუტო გოლი გაიტანა. მაშინ „ბლაუგრანა“ ლა ლიგის სეზონის მიწურულს „ალბასეტეს“ ხვდებოდა.

86-ე წუთზე ფრანკ რაიკაარდმა გაფრთხილებული სამუელ ეტო’ო შეცვალა და მოედანზე 17 წლის მესი შეუშვა. მას უკვე ნათამაშები ჰქონდა რამდენიმე მატჩი, ოცნებობდა „კამპ ნოუს“ ახალი კუმირი გამხდარიყო, გვერდით ჰყავდა მსოფლიოში ყველაზე ტექნიკური და გადამწყვეტი მოთამაშე რონალდინიოს სახით.

„ბარსელონა“ სწორედ ეტო’ოს გოლით 1:0 დაწინაურებულიყო, მაგრამ კამერუნელმა ადგილი პატარა ლეოს დაუთმო. მოედანზე ინიესტასთან, ჟიულისთან, დეკუსთან, მისუდიდებულესობა რონალდინიოსთან ერთად უკვე მესიც იყო. სწორედ ორმა სამხრეთამერიკელმა შექმნა მეორე გოლი „ალბასეტეს“ კარში.

რონლდინიომ დაცვის ხაზს ბურთი თავზე გადაავლო და მესიმ მეკარეს. თუმცა გოლი გაუქმდა, რადგან გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. არ გასულა დიდი ხანი და ყველაფერი განმეორდა, ოღონდ ბევრად უფრო ლამაზად. რონალდინიომ ისევ თავზე გადაუგდო დაცვის ხაზს ბურთი და იგივე ჩაიდინა არგენტინელმაც, რომელმაც მეკარეს მოხდენილად გადაავლო ბურთი თავს ზემოთ - ამჯერად, საეჭვო არაფერი იყო, გოლი ჩაითვალა, ეს მესის სადებიუტო გოლია „ბარსელონას“ რიგებში. დინიომ ლეო მხრებზე მოისვა და „კამპ ნოუ“ ოვაციებისგან დაინგრა.

2004-2005 წლების სეზონი არგენტინელმა ამ ერთადერთი გოლით დაასრულა (9 თამაშში). მომდევნო სეზონში უკვე გოლების რაოდენობა რვამდე გაზარდა, ხოლო მესამე სეზონში შედეგი გააორმაგა.

მას შემდეგ მესის ვარსკვლავი ცაზე ისევ კაშკაშებს და ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს კვალს ტოვებს. 15 წელმა ჩაიარა და ლეომ „ალბასეტესთან“ გატანილ გოლს კიდევ 626 გოლი დაამატა მხოლოდ „ბლაუგრანას“ მაისურით. შედეგი მომნუსხველია...

0.112758