ფეხბურთი

10:38 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისის" ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე - ქეცბაიას, ქინქლაძისა და წიტაიშვილის წვლილი (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია, რადგან ქართველ ფეხბურთელთა სიმრავლით გამოირჩევა.

თუმცა, ეს სიახლე არაა, კვიპროსულ კლუბში ჩვენებურები ხშირად ირჯებოდნენ. ასე იყო 2005-2006 წლების სეზონშიც. მაშინ „ანორთოსისის“ მოთამაშე-მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო, გიორგი ქინქლაძე და კლიმენტი წიტაიშვილი კი ფამაგუსტელთა ღირსებას იცავდნენ.

2006 წლის 26 ივლისს, „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „ტრაბზონსოფორს“ შეხვდა, რომელიც წყვილში აშკარა ფავორიტი იყო. იმ დღეს ქინქლაძემ და წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ვეტერანი ქეცბაია მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს.

„ანორთოსისმა“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და თურქები საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა, კვიპროსში კი ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი მოეწყო. ქართველების წვლილი ისტორიულ გამარჯვებაში დიდი იყო, 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში წიტაიშვილის გოლით დაფიქსირდა.

საპასუხო შეხვედრა თურქეთში „ტრაბზონსფორმა“ 1:0 მოიგო, მაგრამ III საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსელები გავიდნენ, სადაც „რეინჯერსთან“ წააგეს და ჯგუფში ვერ შევიდნენ. თუმცა, „ანორთოსისმა“ და ქეცბაიამ მიზანს მალევე მიაღწიეს და 2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ითამაშეს. და მაინც, "ანორთოსისის" აღზევება "ტრაბზონსფორის" ძლევით დაიწყო და 2005 წლის 26 ივლისი ფამაგუსტელთა ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. რაც მთავარია, ამაში ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს!

0.146292