კალათბურთი

15:51 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე დადგება

ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს 2020 წლის დრაფტზე დადგება. ლიგის ვებგვერდმა ოფიციალურად გამოაქვეყნა 205 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც დრაფტის წინასწარ სიაში არიან.

ჩვენთვის ნიშანდობლივია, რომ ერთი მათგანი მამუკელაშვილია, რომელიც NCAA-ში „სეტონ ჰოლის“ ღირსებას იცავს.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატურის მოხსნის უფლება კალათბურთელებს 3 ივნისამდე აქვთ და შეიძლება მამუკელაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალოს. ქართველი კალათბურთელი „სეტონ ჰოლში“ მიმდინარე სეზონში საშუალოდ 11.6 ქულას და 6 მოხსნას აგროვებდა.

2020 წლის დრაფტზე გასული 205 კალათბურთელიდან 163 კოლეჯში თამაშობს, ხოლო 42 უცხოელია. აქვე გეტყვით, რომ NBA-ს დრაფტზე აქამდე ექვსი ქართველი კალათბურთელი დამდგარა: ვლადიმერ სტეფანია (1998 წელი), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (2002), ზაზა ფაჩულია (2003), ვიქტორ სანიკიძე (2004), თორნიკე შენგელია (2012) და გოგა ბითაძე (2019).

0.119924