ფეხბურთი

13:08 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინდივიდუალისტი ვარსკვლავი, რომელიც ციდან ჩამოვარდა

პასადობლეს მეფე, თავისუფალი ჯადოქარი, როდესაც ფეხებში ბურთი ჰქონდა. 80-იანი წლების მიწურულს და 90-იანი წლების დასაწყისში დაბადებული თაობის ყველა წარმომადგენელი სულაც არ ოცნებობდა ზინედინ ზიდანი ან რონალდო გამხდარიყო, არამედ დენილსონ დე ოლივეირა არაუჟო.

უფრო მარტივად რომ ვიცნოთ, უბრალოდ დენილსონი. ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც საოცარი ტექნიკური არსენალი და დრიბლინგის უნარ-ჩვევები ჰქონდა, საუკეთესოთა შორის, საუკეთესო. ფანტასტიკური ცაცია, რომელსაც შეეძლო მსოფლიო ფეხბურთის აბსოლუტური ვარსკვლავი გამხდარიყო, პარალელს ავლებდნენ გარინჩასთან, ზიკოსთან და რიველინოსთან. ელეგანტური, ნიჭიერი და წარმოუდგენლად ტექნიკური, როგორიც ისტორიაში ბევრი ნამდვილად არ ყოფილა.

დენილსონი 1977 წელს სან პაულუს შტატში, ქალაქ დიადემაში დაიბადა და „ტრიკოლორ პაულისტაში“ გაიზარდა, სადაც ცნობილმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა ტელე სანტანამ აღმოაჩინა. რამდენიმე პრობლემის მიუხედავად, პატარა ბიჭმა მაინც იფეთქა, რამაც ახალგაზრდულ ასაკში ბრაზილიის ნაკრებში მიწვევა მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ „სელესაოს“ შეტევაში იმხანად ისეთი მონსტრები არსებობდნენ, როგორებიც რონალდო, რომარიო, ლეონარდო, რივალდო, ბებეტო და ედმუნდო იყვნენ.

მთელმა მსოფლიომ 1997 წლის ზაფხულში საფრანგეთის ოთხთა ტურნირზე გაიცნო, სადაც მასპინძელმა საფრანგეთმა, ბრაზილიამ, იტალიამ და ინგლისმა პრე-სამუნდიალო ტურნირში ითამაშეს. ერთი წლის შემდეგ კი, მარიო ზაგალომ მსოფლიო ჩემპიონატზეც წაიყვანა, სადაც თავისი მაგიები არაერთხელ აჩვენა საფეხბურთო სამყაროს, ბრაზილია კი ფინალამდე მივიდა და მასპინძელ საფრანგეთთან წააგო. ცხადია უნიჭიერეს დენილსონს მსურველები ევროპაში გამოუჩნდა და იმავე ზაფხულს ბრაზილიელი სევილიის „ბეტისში“ გადავიდა, რომელმაც 32 მილიონი ევრო გადაიხადა 21 წლის ამომავალ ვარსკვლავში და იმ დროისთვის სარეკორდი ხელფასიც დაუნიშნა ბონუსების ჩათვლით. ყველაფერი მბზინავი ვარსკვლავის დაბადებაზე მიგვანიშნებდა, მაგრამ ბედი სულ სხვას ამზადებდა.

ესპანური კარიერის დასაწყისი დენილსონისთვის რთული გამოდგა, ანდალუზიაში სრულად ვერ გაამართლა ქომაგების მოლოდინი და სიყვარული, 35 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მისი საოცარი ინდივიდუალიზმი და შემტევისთვის არადამახასიათებელი გოლების სიმწირე ევროპულ ფეხბურთთან ინტეგრირებისთვის შეუთავსებადი გამოდგა. ამასთან გუნდიც არ იყო მაღალი დონის, მეორე სეზონი კიდევ უფრო კოშმარული გამოდგა და „ბეტისი“ სეგუნდა დივიზიონში გავარდა. შედეგად, დენილსონი 2000 წელს სამშობლოში, კერძოდ „ფლამენგოში“ იჯარით დაბრუნდა. თუმცა, ბრაზილიაში დაბრუნებამაც ვერ შეძლო სასიამოვნო დენილსონის დაბრუნება და მედიის ინტერესიც ნელ-ნელა მის გარშემო ქრებოდა. ცოტა ხანში „ბეტისს“ ისევ დაუბრუნდა და თეთრ-მწვანეების რიგებში კიდევ ოთხი სეზონი დარჩა, მაგრამ ძველებურ სიმაღლეებს სამხრეთ ამერიკელი ვეღარ უტევდა.

არც საფრანგეთში, „ბორდოში“ 2005 წელს გადასვლას გამოუღია დიდი შედეგი, სადაც ერთ სეზონში თავი სამი გოლით გამოიჩინა. თუმცა, მანამდე იყო დღის სინათლეც. 2001-2002 წლების სეზონი „ბეტისში“ მეტ-ნაკლებად წარმატებული ჰქონდა და ლუიშ ფელიპე სკოლარიმ კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზეც წაიყვანა, სადაც დენილსონი თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მოედანზეც ხირად ჩნდებოდა და ინდივიდუალურ ოსტატობას გვიჩვენებდა. თუნდაც ის მომენტი რად ღირს, ნახევარფინალში ლამის მთელი თურქეთი ბურთის წასართმევად რომ მისდევდა... მიუხედავად ამისა, ვარსკვლავი, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ელოდა, არასდროს გაბრწყინებულა, მხოლოდ იშვიათობით გამოანათებდა და შემდეგ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდებოდა.

2006 წლის ზაფხულში ბრაზილიელმა „ბორდოც“ დატოვა და ევროპაც. ჯერ ამერიკაში წავიდა, მერე სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ ვიეტნამსა და საბერძნეთში მცირე ხნით ითამაშა. კარიერა რეალურად 33 წლის ასაკში დაასრულა, მაგრამ თუ წარსულს გადავხედავთ, 30 წლის შემდეგ დენილსონს ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე პრაქტიკულად აღარ უთამაშია.

მიუხედავად განიავებული ნიჭისა და გაფლანგული დროისა, დენილსონმა ბრაზილიის ნაკრებში 61 შეხვედრაში 8 გოლის გატანა, მსოფლიო ჩემპიონობა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა, კონფედერაციათა თასისა და კოპა ამერიკის მოგება მაინც მოასწრო.

რას საქმიანობს დღეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ინდივიდუალისტი? ამის შესახებ თავად ბრაზილიელი მოგვითხრობს:

„ბოლო ხუთი წელია 888Poker-ის ელჩი ვარ. ეს არის მომხიბლავი სპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს უფრო მეტი ემოციის მოცემა შეუძლია. თუმცა, ფეხბურთი გარკვეულწილად ისევ ჩემი ცხოვრების ნაწილია. თითქმის10 წელია ბრაზილიის ტელევიზიაში ვმუშაობ, მაქვს სპორტული გადაცემა, რომელიც დღეში 2 საათი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს“.

ეს დენილსონია, დიდი ნიჭით და სინანულით, რადგან ვერ გახდა ის, რაც ნამდვილად შეეძლო, ცხოვრება ზოგჯერ ასეთია...

თეგებიდენილსონი
0.116388