უფეხბურთობის პერიოდში საუკეთესო გამოსავალი ისტორიაში ჩახედვა და ძველი მატჩების გახსენებაა. დღეიდან ვეცდებით საქართველოს ნაკრების გამორჩეული მატჩები გავიხსენოთ და წლების წინ მომხდარი გავაცოცხლოთ.
დღეს, ლიტვისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩს გავიხსენებთ. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა ერთობ რიხიანად და იმედიანად დაიწყო. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი VIII ჯგუფში იმხანად ევროპის ვიცე-ჩემპიონ იტალიასთან, იმავე ევროპირველობის მეოთხედფინალისტ რუმინეთთან, უნგრეთთან და ლიტვასთან ერთად მოხვდა.
2000 წლის 7 ოქტომბერს პირველი მატჩი ლიტვაში (იმ დროს ჯერ კიდევ ლიტვა იყო ჩვენთვის, ახლა უკვე ლიეტუვა - რედ) ჩაატარა და 4:0 იმარჯვა.
მატჩის ბედი მალევე გადაწყდა. პირველივე ტაიმში თემურ ქეცბაიამ დუბლი შეასრულა, რასაც მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გიორგი დემეტრაძის პასით გიორგი ქინქლაძის გოლი მოჰყვა, საბოლოო ანგარიში კი არჩილ არველაძემ დააფიქსირა.
სამწუხაროდ, გაგრძელება დასაწყისის დარი არ გამოდგა და საქართველომ კორეა-იაპონიის მუნდიალზე გასვლა ვერ შეძლო. ისე, მთლად თავი არ შეურცვხვენია და შესარჩევ ციკლში 10 ქულით იტალიისა და რუმინეთის შემდეგ საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
ლიტვა - საქართველო 0:4 (0:2)
კაუნასი, 2 300 მაყურებელი
ლიტვა: პადიმანსკასი, სკრელა, გლევეცკასი, გრაჟიუნასი (მაკიულევიჩუსი 39), ჟუტაუტასი, ბუიტკუსი, შემბერასი, ივანაუსკასი (მორინასი 46), ფომენკა (ჟვინგილასი 57), დანილევიჩუსი, იანკაუსკასი
საქართველო: გვარამაძე, სილაგაძე, კობიაშვილი, რეხვიაშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, ნემსაძე, ყაველაშვილი, ქეცბაია (მენთეშაშვილი 67), ქინქლაძე (ჯამარაული 70), დემეტრაძე(ა. არველაძე 59)
გოლები: 0:1 ქეცბაია (17), 0:2 ქეცბაია (39), 0:3 ქინქლაძე (46), 0:4 ა. არველაძე (84)