საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ოთხშაბათს ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” ივარჯიშა.
გუნდს ბელგიის “გენკის” ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, კვიპროსის “ომონიას” მცველი უჩა ლობჟანიძე და “ოთელოსის” მეკარე როინ კვასხვაძე შეემატნენ. თემურ ქეცბაიას შეგირდებმა წვრთნა 16:00 საათზე დაიწყეს.
ქეცბაის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იყო:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“).
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („სპარტაკი“, ცხინვალი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი) მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა „დინამო“), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგიელონია“, პოლონეთი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი).
ეროვნული გუნდის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ვარჯიში ბოლომდე ვერ დაასრულა ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა. მან ერთ-ერთ ეპიზოდში ორთაბრძოლის დროს მარჯვენა ფეხი დაიზიანა და მოედანი წვრთნის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. ჯერჯერობით ექიმების ვერდიქტი გელაშვილის ტრავმის თაობაზე უცნობია.
13 ნოემბერს, პოლონეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრები 16:00 საათიდან კვლავ “ბასაზე” ივარჯიშებს, ხოლო 18:00 საათზე მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაა დანიშნული ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”.
18:30 საათზე “დინამო არენაზე” პოლონელთა თავკაცის ადამ ნავალკას პრესკონფერენცია დაიწყება. 19:00 საათიდან კი, პოლონელები წვრთნას შეუდგებიან, რომლიც მხოლოდ საწყისი 15 წუთი იქნება მედიისთვის ღია.
14 ნოემბერს, “დინამო არენაზე” საქართველო-პოლონეთის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.