ჟოზე მოურინიო 2004 წელს „ლივერპულის“ მწვრთნელი უნდა გამხდარიყო, ყველაფერი შეთანხმებული გახლდათ, მაგრამ მერე რომან აბრამოვიჩი გამოჩნდა, რომელმაც პორტუგალიელს უკეთესი კონტრაქტი შესთავაზა და ისიც „ენფილდ როუდის“ ნაცვლად „სტემფორდ ბრიჯზე“ აღმოჩნდა.
„მოურინიო „ლივერპულში“ უნდა წასულიყო, შეთანხმება მიღწეული იყო რიკ პარისთან, რომელიც მაშინ ტრანსფერებზე პასუხისმგებელი გახლდათ, მაგრამ მათ მოითხოვეს, რომ 15 დღე მოგვეცადა, რადგან ულიე ჯერ კიდევ მწვრთნელი იყო“, - წერს ფრანგი ჟურნალისტი ნიკოლა ვილა.
სწორედ იმ ორ კვირაში შეიცვალა ვითარება და მოურინიომ გაცილებით სარფიანი წინადადება მიიღო, ვიდრე „ლივერპულიდან“ ჰქონდა. ჟოზეს რომან აბრამოვიჩი დაუკავშირდა და მას შემდეგ, რაც „პორტუმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მონტე კარლოში თავის ძვირადღირებულ იახტაზე შეხვდა.
რუს მილიარდელს არ გასჭირვებია „განსაკუთრებულის“ დარწმუნება და ჟოზემ „ჩელსი“ ჩაიბარა, ხოლო „ლივერპულში“ „ვალენსიადან“ რაფაელ ბენიტესი მივიდა. საბოლოო ჯამში დიდად წაგებული არცერთი მხარე დარჩენილა. პირველივე, 2004-2005 წლების სეზონში მოურინიმ „ჩელსის“ ინგლისის ჩემპიონობა მოუტანა, ხოლო ბენიტესმა „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ისიც გასახსენებელია, რომ იმავე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულმა“ სწორედ „ჩელსი“ დაამარცხა.