ფეხბურთი

10:25 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვების გოლი ბუფონის კარში, დუბლი "სან სიროზე" - მჭედლიძის იტალიური ფერადი მომენტები (+VIDEO)

დიდ საფეხბურთო ჩემპიონატებში ბოლო ხანს ქართველ ფეხბურთელებს დანატრებულნი ვართ და უკვე შევეგუეთ იმას, რომ ჩვენებურები ძლიერ ლიგებში აღარ თამაშობენ.

სულ ბოლოს ლევან მჭედლიძე გვყავდა ტოპ ლიგაში, კერძოდ, სერია A-ში. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიაში ათ წელზე მეტი გაატარა, ზოგჯერ სერია B-ში ირჯებოდა. ერთი რამ ცხადია, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ლევანმა პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა, შეეძლო ბევრად დიდად კვალი დაეტოვებინა მრავლის მნახველ აპენინზე.

მჭედლიძემ „პალერმოსა“ და „ემპოლიში“ უშუალოდ სერია A-ში 75 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ოქმში 75 მატჩი წერია, მაგრამ უმეტეს შემთხვევში წუთობრივად არც ისე დიდი დრო ეძლეოდა სათამაშოდ. მთლიანობაში ლევანის კარიერას ტრავმებმა დაღი დაასვეს და ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა.

ისე კი, მიუხედავად ყველაფრისა, დასამახსოვრებელი მომენტები ნამდვილად ჰქონდა. საუკეთესო შედეგი 2016-2017 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც იტალიის სერია A-ს 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მანამდე, ორი წლით ადრე 25 თამაშში 4 გოლი გაიტანა. კიდევ ერთი სეზონი, როცა თავი გამოიჩინა, 2008-2009 წლების სეზონი იყო, მაშინ ჯერ კიდევ სიცილიაზე, „პალერმოსთვის“ ირჯებოდა, როდესაც თავდასხმაში კონკურენტებად ისეთი ფეხბურთელები ჰყავდა, როგორებიც ედინსონ კავანი და ფაბრიციო მიკოლი არიან.

მჭედლიძის იტალიური კარიერიდან სამი თამაში გამოვარჩიეთ, სამივე სერია A-ში ჩაატარა:

2008-2009 წლების სეზონი: „იუვენტუსი“ – „პალერმო“ 1:2

2008 წლის 5 ოქტომბერს, „პალერმო“ ტურინში „იუვენტუსს“ ესტუმრა. იმხანად, „იუვე“ სერია B-დან ახალი დაბრუნებული იყო და იმ მონსტრად, როგორიც სამშობლოში დღესაა, ჯერ კიდევ არ იყო ქცეული. მიუხედავად ამისა, არაერთი ვარსკვლავი ჰყავდა და სიცილიელებთან გამარჯვებასაც გეგმავდა. პირველ ტაიმში ფაბრიციო მიკოლიმ და ალესანდრო დელ პიერომ გოლები გაცვალეს. 59-ე წუთზე კი, ავსტრალიელი მარკ ბრეშანოს ნაცვლად მინდორზე ლევან მჭედლიძე გამოჩნდა. 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა იმ დღეს იტალიის ელიტარულ ლიგაში სულ რაღაც მეორედ ითამაშა. მე-80 წუთზე ძალიან კარგად გაიხსნა ტურინელთა ცენტრალურ მცველებს შორის, ზდენეკ გრიგერას დაასწრო და ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი უსაქმოდ დატოვა. 18 წლის ჩვენებურმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს გამარჯვების გოლი გაუტანა! დასაწყისი უბრალოდ საოცნებო იყო...

2014-2015 წლების სეზონი: „ინტერი“ – „ემპოლი“ 4:3

2014-2015 წლების სეზონის ბოლო ტურში, 31 მაისს, „ემპოლი“ მილანში, „ინტერს“ ესტუმრა და 3:4 წააგო. იმ დღეს, ტოსკანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ მჭედლიძე შეუცვლელად დატვირთა და არც უნანია. ლევანმა მე-60 წუთზე ახლო მანძილიდან თავური დარტყმით შეძლო გატანა, ხოლო 88-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ყუმბარისებული დარტყმით გამოცდილ სამირ ჰანდანოვიჩს რეაქციის გაკეთების შესაძლებლობაც არ მისცა. დუბლი „სან სიროზე“, სერია A-ში! ჩინებულად ჟღერს, ვერაფერს დავიწუნებთ. სხვათა შორის, ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ თავის გოლებს შორის ჰანდანოვიჩს პირისპირ ვერ აჯობა...

2016-2017 წლების სეზონი: „მილანი“ – „ემპოლი“ 1:2

2016-2017 წლების სეზონი ქართველი ფორვარდისთვის საუკეთესო იყო, 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ერთი ხანობა სტაბილურად ახერხებდა გატანას. რამდენიმე კარგი მატჩიც ჩაატარა, მაგალითად „კალიარისთან“ დუბლიც გაიფორმა, მაგრამ ჩვენ მაინც 23 აპრილს, „მილანთან“ „სან სიროზე“ გამართული დაპირისპირება ავარჩიეთ, რამდენიმე მიზეზით. ამ შეხვედრამ ლევანის კარიერა საბოლოოდ შეცვალა: სერია A-ში ბოლო გოლი გაიტანა, უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის შემდგომაც სასურველ კონდიციაში დაბრუნება პრაქტიკულად დღემდე ვერ მოახერხა. მჭედლიძემ 41-ე წუთზე კრისტიან ძაპატას დაასწრო და ჯანლუიჯი დონარუმას კარი გახვრიტა. ჩინებული დასაწყისი იყო, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყება და მძიმე ტრავმა ერთი გახლდათ, რის გამოც წელიწადზე მეტი გამოტოვა. ცხადია, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ გასახსენებლად ეს სამი თამაშიც ღირდა...

0.115465