ფეხბურთი

15:38 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უდიდესი ქამ-ბექები ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (+VIDEO)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხმაურიან და ისტორიულ ქამ-ბექებს გავიხსენებთ. თავიდანვე გეტყვით, რომ არ შევეხებით ფინალურ მატჩებს, ამიტომაც, სიაში "ლივერპული" სტამბოლის საოცრება და "მანჩესტერ იუნაიტედის" ორწუთიანი გმირობა ბარსელონაში "ბაიერთან" ვერ მოხვდნენ.

ვისაუბრებთ მხოლოდ იმ შეხვედრებზე, რომლებიც პლეი-ოფის სტადიაზე (მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი) გაიმართა. გამოვარჩიეთ ხუთი ქამ-ბექი, თუმცა, არც სხვები დავივიწყეთ, დანარჩენს თავად გადაავლეთ თვალი.

„ბარსელონა“ - პსჟ 6:1 (პირველი მატჩი - 0:4) 2016-2017 წლების სეზონი

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არავის დაუკარგავს საკუთარ მოედანზე მოპოვებული ოთხბურთიანი უპირატესობა. თუმცა ეს „პარი სენ ჟერმენმა“ „შეძლო“, როდესაც „ბარსელონას“ მერვედფინალში 2016-2017 წლების სეზონში დაუპირისპირდა. პარიზში ფრანგებმა 4:0 მოიგეს და ფიქრობდნენ, რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ, მაგრამ მწარედ ცდებოდნენ.

„კამპ ნოუზე“ მესიმ და კომპანიამ არნახული რამ შეძლეს, მეტოქეს 6:1 აჯობეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც „იუვენტუსთან“ ორი მატჩის ჯამში 0:3 მარცხი განიცადეს. თუმცა, ეს დაუვიწყარი ქამ-ბექი ფეხბურთის ისტორიას სამუდამოდ დაუტოვეს.

„ლივერპული“ – „ბარსელონა“ 4:0 (პირველი მატჩი - 0:3) 2018-2019 წლების სეზონი

თუ ზემოთ კატალონელთა წარმატებაზე ვისაუბრეთ, ახლა წარუმატებლობა უნდა ვახსენოთ. შარშან ნახევარფინალში განვითარებული მოვლენები კარგად გეხსომებათ, როდესაც „ბარსელონამ“ შინ „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზური პრაქტიკულად დაიბევა.

მაგრამ ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა - „ენფილდზე“ იურგენ კლოპის გუნდმა „ბარსელონა“ მოედნიდან გააქრო და 4 უპასუხო გოლი გაუტანა. საბოლოოდ, „ლივერპულმა“ ფინალიც ადვილად მოიგო და ისტორიაში მეექვსედ გაჩემპიონდა.

„რომა“ – „ბარსელონა“ 3:0 (პირველი მატჩი - 1:4) – 2017-2018 წლების სეზონი

„ბარსელონასთვის“ ერთი წლის წინ „ენფილდ როუდზე“ გადამხდარი კოშმარი არახალი ამბავი იყო. იქამდე კიდევ ერთი წლით ადრე, ანუ ამ გადმოსახედიდან ორი წლის წინ, იტალიურ „რომასთანაც“ არანაკლები სირცხვილი ჭამა. ჯერ ხომ წყვილში კატალონური გრანდი მოკრძალებულ მეტოქესთან შედარებით აშკარა ფავორიტი იყო და ბარსელონაში დაფიქსირებულმა შედეგმა ყველაფერი გაარკვია - 4:1 ესპანელთა სასარგებლოდ.

თუმცა, რომში „ბარსა“ საკუთარ აჩრდილსაცარ ჰგავდა, ხოლო „ჯალოროსიმ“ ისტორიული თამაში ჩაატარა და მეტოქეს ედინ ჯეკოს, დანიელე დე როსისა და კოსტას მანოლასის გოლებით სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, შედეგად ნახევარფინალში თავად გავიდა. „რომა“ ნახევარფინალში „ლივერპულთან“ დამარცხდა და სხვათა შორის, მაშინაც ახლოს იყო ქამ-ბექათან.

„დეპორტივო“ – „მილანი“ 4:0 (პირველი მატჩი - 1:4) 2003-2004 წლების სეზონი

„მილანი“ იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი იყო, მოქმედი ჩემპიონის სტატუსი ჰქონდა და ბევრი ძლიერი მეტოქე უკვე ჩამოცილებული იყო ტურნირს. კარლო ანჩელოტის გუნდს მეოთხედფინალში „დეპორტივოს“ გაეჯიბრა და მართალია პირველივე წუთზე „სან სიროზე“ გოლი გაუშვა, მაგრამ შემდეგ მეტოქეს შანსი არ მისცა და საბოლოოდ 4:1 მოიგო.

ისედაც ფავორიტი „მილანი“ „რიასორზე“ უდიდესი უპირატესობით ჩავიდა და აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ „როსონერი“ ნახევარფინალში ვერ გავიდოდა. თუმცა, „დეპორტივომ“ ლა კორუნიაში მეტოქე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაარბია - 4:0! ეს ქამ-ბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მართლაც გამორჩეულია, ბევრი თვალსაზრისით. საბოლოოდ, „დეპორტივო“ ნახევარფინალში „პორტუსთან“ ვერაფერს გახდა, მაგრამ „მილანთან“ სასწაული ისტორიას საბოლოოდ დაუტოვა.

„იუვენტუსი“ – „ატლეტიკო“ 3:0 (პირველი მატჩი - 0:2) 2018-2019 წლების სეზონი

თავიდანვე ვთქვათ, რომ ორბურთიანი ჩამორჩენები არაერთ გუნდს გაუბათილებია, მაგრამ შარშან „იუვენტუსის“ გმირობა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მაინც გამორჩეულია. დიეგო სიმეონეს გუნდმა შინ დამაჯერებლად, 2:0 მოიგო და ყველა დარწმუნებული იყო, რომ ესპანელები შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ. თუმცა, „იუვენტუსს“ კრიშტიანუ რონალდუ ჰყავდა.

ტურინში პორტუგალიელის თამადობით „იუვემ“ სახელგანთქმული დაცვით ცნობილი „ატლეტიკო“ მიწასთან გაასწორა. ისე მოუგო, რომ მადრიდულ გუნდს მეტოქის კარში ერთხელაც არ დაურტყამს. ჰეთ-თრიქი რონალდუმ შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ატლეტიკოსთან“ თამაში მისთვის დამატებითი სტიმული იყო. როგორც წინა შემთხვევებში უმეტესად, ამ ჯერზეც ქამ-ბექის ავტორი მომდევნო ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას, „იუვე“ მეოთხედფინალში „აიაქსთან“ დამარცხდა (1:1, 1:2).

ეს ხუთი ქამ-ბექი გამოვარჩიეთ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის პრაქტიკა პლეი-ოფში საკმაოდ ხშირია, ამიტომაც, მათთაც შეგახსენებთ. აქვე განვმარტავთ, რომ არ გამოვყავით მატჩები, სადაც გუნდებმა ერთი ბურთის სხვაობით წაგების შემდეგ მოახერხეს მომდევნო ეტაპზე გასვლა, თორემ მარტო შარშან "რეალთან" "აიაქსის" და იმავე "აიაქსთან" "ტოტენჰემის" გმირობა რა დასავიწყებელია...

„ნაპოლი“ – „ჩელსი“ 3:1

„ჩელსი“ – „ნაპოლი“ 4:1 (დ.დ)

2011-2012 წლების სეზონი, მერვედფინალი

„მილანი“ – „ბარსელონა“ 2:0

„ბარსელონა“ – „მილანი“ 4:0

2012-2013 წლების სეზონი, მერვედფინალი

„ოლიმპიაკოსი“ – „მანჩესტერი“ 2:0

„მანჩესტერი“ – „ოლიმპიაკოსი“ 3:0

2013-2014 წლების სეზონი, მერვედფინალი

პსჟ - „ჩელსი“ 3:1

„ჩელსი“ - პსჟ 2:0

2013-2014 წლების სეზონი, მეოთხედფინალი

„პორტუ“ – „ბაიერნი“ 3:1

„ბაიერნი“ – „პორტუ“ 6:1

2014-2015 წლების სეზონი, მეოთხედფინალი

„ვოლფსბურგი“ – „რეალი“ 2:0

„რეალი“ – „ვოლფსბურგი“ 3:0

2015-2016 წლების სეზონი, მეოთხედფინალი

„მანჩესტერი“ - პსჟ 0:2

პსჟ - „მანჩესტერი“ 1:3

2018-2019 წლების სეზონი, მერვედფინალი

„რეალი“ – „მონაკო“ 4:2

„მონაკო“ – „რეალი“ 2:0

2003-2004 წლების სეზონი, მეოთხედფინალი

„ჩელსი“ – „ბარსელონა“ 3:1

„ბარსელონა“ – „ჩელსი“ 5:1 (დ.დ)

1999-2000 წლების სეზონი, მეოთხედფინალი

0.116721