ყატარული „ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატს კრიშტიანუ რონალდუ ძალიან აკლია. ესპანელი სპეციალისტი ასევე არ მალავს, რომ „ბარსელონას“ გაწვრთა მისი ოცნებაა.
„ესპანეთის ჩემპიონატს აშკარად აკლია ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა, ის, ვინც სეზონში 40-50 გოლს იტანდა. თუმცა „რეალი“ დღესაც ძლიერია, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.
ლაუტარო მარტინესი? კარგია, რომ „ბარსელონა“ დაინტერესებულია. მე მომწონს ეს ფეხბურთელი, მაგრამ ვის არ მოსწონს? კარგად თამაშობს, სივრცეებს კარგად პოულობს. ნეიმარის დაბრუნება? რატომაც არა... მასთან ერთად ვითამაშე და შესანიშნავი პერსონაა. პროფესიონალი იყო „ბარსელონაში“ და მატჩების ბედს მარტო წყვეტდა. მე არ ვიცი ბიუროკრატიული პრობლემები, მაგრამ მოედანზე ის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელშია.
კასილიასი? ლიდერია და შეიძლება დიდი მწვრთნელი გახდეს, მაგრამ ჩემი ფავორიტი, როგორც მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა. უფრო მშვიდად ვარ, როდესაც ჩემს გუნდს ბურთი აქვს, საჭიროა პრესინგზე თამაში და შეტევაში წასვლა. ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელი მგავს ახლა? გუნდოგანი, დე იონგი, არტური, კროოსი, მოდრიჩი, კასორლა, თამაშის ხედვა აქვთ და ბურთს ადვილად არ კარგავენ.
არ ვიცი, როგორ აფასებს ხალხი ჩემს შესაძლო დაბრუნებას, მაგრამ ვამაყობ და ეს იდეა მომწონს. იმედია, ერთ დღეს „ბარსელონას“ მწვრთნელი გავხდები, ამჟამად ბევრს ვსწავლობ ყატარში.
უმაყურებლოდ თამაში მოსაწყენი იქნება. აქ, ყატარში ხშირად გვიწევს ცოტა მაყურებლის წინაშე თამაში და ძალიან მოსაწყენია. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვნებით არიან შეპყრობილნი. სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან უსამართლო იქნება დღევანდელი შედეგების ძალაში დატოვება“, - განაცხადა ჩავიმ.