ბელარუსში საფეხბურთო ჩემპიონატი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მეოთხე ტურში ჟოდინოს „ტორპოედომ“ „ენერგეტიკს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესო „დინამო ბათუმის“ ყოფილი ფეხბურთელი გაბრიელ რამოსი იყო, რომელმაც 66-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე 10 წუთით ადრე საგოლე პასიც მიითვალა.
მოგეხსენებათ, რამოსი ბათუმელთა ღირსებას გასულ სეზონში იცავდა და გუნდის გამორჩეული ფიგურა იყო, თუმცა „დინამო“ მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა. ბრაზილიელს უკვე 2 გოლი დაუგროვდა ბელარუსში.
აქვე გეტყვით, რომ კვირას ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის სოლიგარსკის „შახტიორი“ „სმოლევიჩის“ ესტუმრება.